ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები დღევანდელ კენჭისყრაზე ვერ აირჩიეს

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე და 3 წევრი ვერ აირჩიეს.

კანდიდატებმა ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერ მოაგროვეს.

კენჭისყრის დაწყებამდე „გირჩმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ დაადასტურეს, რომ კანდიდატებს მხარს უჭერდნენ. ამ მოცემულობით, კანდიდატები 91 ხმას აგროვებდნენ, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის არყოფნის გამო 90 ხმა ვერ მოგროვდა, ამიტომ კანდიდატებს 2 კვირაში ხელახლა ეყრება კენჭი.

განმეორებით კენჭისყრაზე კანდიდატების 5 წლით ასარჩევად 76 ხმაა საჭირო. თუ მათ ამ კენჭისყრაზეც ვერ აირჩევენ, კიდევ ერთი კენჭისყრა ჩატარდება, რომელზეც კვლავ 76 ხმა იქნება საჭირო.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი კალანდარიშვილია, წევრობის კანდიდატები კი მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი.


გიორგი კალანდარიშვილს, 2021 წლიდან მოყოლებული, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მეოთხედ უყარეს კენჭი.

როგორ შეცვალეს საარჩევნო კოდექსი

2021 წლის ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების შედეგად, საარჩევნო კოდექსის მიხედვით გათვალისწინებული იყო, რომ თუ კანდიდატი 100 დეპუტატის მხარდაჭერას ვერ მიიღებდა, ის განმეორებითი კენჭისყრით 6 თვის ვადით ირჩეოდა. გიორგი კალანდარიშვილმა 100 დეპუტატის მხარდაჭერა ვერცერთხელ ვერ მიიღო.

ამის შემდეგ თავმჯდომარის არჩევის წესი ორჯერ შეიცვალა – ცესკოს თავმჯდომარის 5 წლით არჩევისთვის თავდაპირველად 76 ხმა განისაზღვრა, შემდეგ კი კოდექსში ახალი ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ასარჩევად საჭიროა 90 ხმა.

თუ მას კანდიდატი ვერ მოაგროვებს, განმეორებით კენჭსიყრაზე ორჯერ 76 ხმის მიღების შემთხვევაში ის პოსტს 5 წლით დაიკავებს.

პრეზიდენტმა ამ ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა დაძლია და კანონი პირველი ვერსიით მიიღო.