ცესკოს თავმჯდომარედ ისევ გიორგი კალანდარიშვილი აირჩიეს

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე და 3 წევრი 5 წლის ვადით აირჩიეს.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახდა, წევრებად კი აირჩიეს მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი.

კალანდარიშვილის არჩევას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 16 – წინააღმდეგი იყო. მან საპარლამენტო უმრავლესობის და „გირჩის“ მხარდაჭერა მიიღო.

„გირჩმა“ ცესკოს თავმჯდომარეს მხარი გენდერული კვოტების გაუქმებაში უმრავლესობის მხარდაჭერის სანაცვლოდ დაუჭირა.

კანდიდატებს კენჭი დღევანდელ სხდომაზე განმეორებით უყარეს, რაგდან 16 აპრილის სხდომაზე პირველი კენჭისყრით ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერ მოაგროვეს.

16 აპრილს „გირჩმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ დაადასტურეს, რომ კანდიდატებს მხარს უჭერდნენ. ამ მოცემულობით, კანდიდატები 91 ხმას აგროვებდნენ, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის არყოფნის გამო 90 ხმა ვერ მოგროვდა.


გიორგი კალანდარიშვილს, 2021 წლიდან მოყოლებული, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მეოთხედ უყარეს კენჭი.

როგორ შეცვალეს საარჩევნო კოდექსი

2021 წლის ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების შედეგად, საარჩევნო კოდექსის მიხედვით გათვალისწინებული იყო, რომ თუ კანდიდატი 100 დეპუტატის მხარდაჭერას ვერ მიიღებდა, ის განმეორებითი კენჭისყრით 6 თვის ვადით ირჩეოდა. გიორგი კალანდარიშვილმა 100 დეპუტატის მხარდაჭერა ვერცერთხელ ვერ მიიღო.

ამის შემდეგ თავმჯდომარის არჩევის წესი ორჯერ შეიცვალა – ცესკოს თავმჯდომარის 5 წლით არჩევისთვის თავდაპირველად 76 ხმა განისაზღვრა, შემდეგ კი კოდექსში ახალი ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ასარჩევად საჭიროა 90 ხმა.

თუ მას კანდიდატი ვერ მოაგროვებს, განმეორებით კენჭსიყრაზე ორჯერ 76 ხმის მიღების შემთხვევაში ის პოსტს 5 წლით დაიკავებს.

პრეზიდენტმა ამ ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა დაძლია და კანონი პირველი ვერსიით მიიღო.