ცესკოს თავმჯდომარის შეფასებით, არჩევნების მეორე ტური შედგა

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შედგა.

კალანდარიშვილის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 272 საჩივარი შევიდა. საჩივრებიდან 121 დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ იყო წარდგენილი, ხოლო 151 – საარჩევნო სუბიექტების მიერ.

„მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს, რომელმაც იაქტიურა და არჩევნების მეორე ტურზე მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა. პანდემიის პირობებში კენჭისყრაში 1 025 406-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. მადლობას ვუხდი თითოეულ საარჩევო ადმინისტრატორს, რომელთაც არ დაიშურეს ძალისხმევა და 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ იმისათვის, რომ მთლიანად საარჩევნო პროცესები წარმართულიყო თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში.

საარჩევნო პროცესი საკმაოდ კონკურენტული იყო. მიუხედავად ამისა, იყო ხარვეზებიც, თუმცა, საერთო ჯამში, არამხოლოდ ჩვენი შეფასებით, საუბნო-საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველს დახვდა კოვიდუსაფრთხო და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული საარჩევნო გარემო, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში მცირე ხნით შეფერხდა კენჭისყრის პროცესი რამდენიმე უბანზე, კონკრეტული ინციდენტების გამო, რასაც მთლიანად კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ ჰქონია“, – განაცხადა ბრიფინგზე კალანდარიშვილმა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, დათვლილია 15 თვითმმართველი თემის უბნების 100%.

ამ მონაცემების მიხედვით, წალენჯიხაა ერთადერთი თვითმმართველი თემი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გაიმარჯვა. 14 თემში მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ.

4 თვითმმართველ ქალაქში, სადაც თვითმმართველობის არჩევნების II ტური ტარდებოდა, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 100%.

ამ მონაცემების მიხედვით, ყველა ქალაქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგო.