ცესკოში არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა

პუბლიკა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.

მისი ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე რამდენიმე რეგიონში საარჩევნო უბნები 08:00 საათზე ვერ გაიხსნა, რის მიზეზადაც ცუდი ამინდი დაასახელა. ეს უბნები იყო – გუდაურის ორი უბანი, შატილის ერთი უბანი და ერთი უბანი ხადას ხეობაში.

„17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება და ასევე ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ტარდება.

დღეს ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის გადაეცემათ ერთი ბიულეტენი, ქუთაისში კი, სადაც ასევე ტარდება მერის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მიიღებენ“, – თქვა მან.

მისი თქმით, ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე უნდა იმყოფებოდეს პირბადით; მისი არქონის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას აღნიშნულით.

„ამომრჩეველს ორჯერ, მცირე დროით მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე გადაეცემა ინდივიდუალური მოხმარების კალმისტარი.

ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომია გამადიდებელი ლინზები, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 659 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით“, – თქვა მან.

დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტურს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა.