ცესკოში დეპუტატობის კანდიდატის ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ნორმას „გირჩი" საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

პუბლიკა

პოლიტიკური პარტია „გირჩი” საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს ნორმას, რის მიხედვითაც, პარლამენტის წევრობის მსურველები ვალდებულები არიან, ცესკოში რეგისტრაციისთვის წარადგინონ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა.

„პარლამენტის წევრს ირჩევს ხალხი, ხალხისგან აქვს მას ლეგიტიმაცია და არ შეიძლება დეპუტატობის კანდიდატს დაუწესდეს ასეთი აბსურდული და დამამცირებელი მოთხოვნა. ადამიანები თვითონ წყვეტენ, ვინ იმსახურებს პარლამენტში ყოფნას და ვინ არა”, – აცხადებს პარტიის წევრი და მოსარჩელე მხარის „გირჩის” წარმომადგენელი ლევან ჯგერენაია.

„გირჩი” სარჩელს „დეპუტატთა შარდის სიწმინდის” სახელით მოიხსენიებს და აცხადებს, რომ არჩევითი თანამდებობის პირს მსგავსი შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეს.

„მე, რომ ჩაქცეული ნარკომანი ვიყო და ერთი თვით ადრე შევწყვიტო მოხმარება, ჩემი ანალიზები სუფთა იქნება და მოვხვდები პარლამენტში”, – ამბობს პარტიის წევრი ჰერმან საბო და ასევე აღნიშავს, რომ ნორმა, რომ პარლამენტის დეპუტატის შარდი „ბავშვის შარდივით სუფთა” უნდა იყოს, არც მორალური, არც სამართლებრივი, არც ტექნიკური მხრიდან არანაირი შინაარსი არ გააჩნია.


„გირჩის” სარჩელით გასაჩივრებულია საარჩევნო კოდექსის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პარტიული სიისა და მაჟორიტარობის კანდიდატების რეგისტრაციისთვის ითვალისწინებს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენას.

„როდესაც ამომრჩეველი/ხალხი მხარს უჭერს ან პირიქით, უარს ამბობს კონკრეტული ადამიანის ან პარტიის მხარდაჭერაზე, ისინი მას აფასებენ როგორც მორალური, ასევე იდეოლოგიური და პიროვნული ღირებულებებიდან გამომდინარე, თუ ისინი ჩათვლიან მხარდაჭერის ღირსად, ისინი მხარს უჭერენ ყველაფერი ამის გათვალისწინებით. ამიტომ, კანონმდებლის მხრიდან ასეთი შეზღუდვის დაწესება არ არის მიზანშეწონილი და გონივრული. მსგავსი კრიტერიუმებით მხარდაჭერა ან მხარდაჭერაზე უარი ხდება ხალხის ნების საფუძველზე, საყოველთაო არჩევნების გზით”, – ვკითხულობთ სარჩელში.

საკონსტიტუციო სარჩელში მოსარჩელე ასევე აყენებს შუამდგომლობას გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებაზე.