ცესკოსთან "ლეიბორისტული პარტიის" წევრები აქციას მართავენ

პუბლიკა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქციას მართავენ და თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები იზოლაციაში მყოფი მოქალაქეებისთვის რეგისტრაციის ვადასთან დაკავშირებით ცესკოს მიერ შემუშავებულ წესს აპროტესტებენ.

ტვ “პირველის” ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ და შენობაში შესვლას ცდილობდნენ. არხის ჟურნალისტის თქმით, კომისიის შენობასთან დაძაბული ვითარებაა. ერთ-ერთი მონაწილე შენობაში კარვის შეტანას ცდილობდა, რისი უფლებაც დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა არ მისცეს.

აქციის ერთერთი მონაწილე სოციალურ ქსელში პარტიის აქტივისტების დაკავებაზე ავრცელებს ინფორმაციას.

შსს ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.

 

დღეს “ევროპული საქართველოს“ წევრები ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას შეხვედნენ.

ელენე ხოშტარია ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრას სოციალურ ქსელით პირდაპირ ეთერში აჩვენებდა, სადაც ოპოზიციური პარტიის წევრები ამბობდნენ, რომ არ დატოვებდნენ ჟვანიას ოთახს, სანამ ცესკო თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადას არ გაზრდიდა.

ამ შეხვედრის შემდეგ თამარ ჟვანიამ რეგისტრაციის ვადის გადაწევაზე გადაწყვეტილება მიიღო. თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნა 27 ოქტომბერს 18:00 საათამდე შეეძლებათ.