საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ გუშინ ცესკოსთან გამართული აქციის მიზანი „სავარაუდოდ, ბიულეტენების განადგურება იყო”. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი-2-თან“ ისაუბრა.
„სავარაუდოდ, ამ პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოიყენეს ჩვენი მოქალაქეები მორიგი შეტევისთვის დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც დღეს რეალურად ითვლის ხალხის მიერ მიცემულ ხმებს და აჯამებს არჩევნებს. მოაწყვეს შეტევა. დიდი ალბათობით მათი მიზანი იყო ბიულეტენების განადგურება, ვინაიდან ღამით მოხდა ეს ყველაფერი. ბიულეტენების განადგურების შემდეგ მაღალი ალბათობით ეს ხალხი გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ცენტრალურ ოფისში დაცული ბიულეტენები აღარ არსებობს, არჩევნები აღარ არსებობს და არჩევნები უნდა ჩატარდეს თავიდან. სავარაუდოდ, ეს გეგმა ჰქონდათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გუშინ, 8 ნოემბერს პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს. ცესკოსთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი. შედეგად, 30-მდე ადამიანი დაშავდა. შსს-ის შეფასებით, ჭავლის გამოყენება სამართალდამცველებმა მყისიერი საფრთხის გამო გადაწყვიტეს. არასამთავრობო სექტორის შეფასებით კი, საფრთხე არ იყო მყისიერი და პოლიციამ არალეგიტიმური ძალა გამოიყენა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ.
შსს-ის ცნობით, აქციის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. ადმინისტრაციული წესით, სულ 19 პირია დაკავებული.