ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე დამცავი ბადეები მოიხსნება და ახალი პროექტი განხორციელდება - კალაძე

პუბლიკა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ ქვათაცვენის შემაკავებელი ბადეები  ჩანაცვლდება.

თბილისის მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ დამცავი ბადეები ვერ უძლებს ჩამოშლილ ქვას და საჭიროა ახალი, თანამედროვე პროექტი.

„გუშინ, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენა დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაბამის პროექტი განხორციელებული იყო დამცავი ბადეების სახით, სხვაგვარი პროექტის განხორციელებას საჭიროებს, რომ უფრო დაცულები ვიყოთ. პირველი, რაც გაკეთდა, ის საშიშროება მთლიანად მოხსნილია. სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ. მოხდება დაანკერება იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა ისევ არ განმეორდეს. დამცავი ბადეები, რაც ამ კლდეებზე არის, ვერ უძლებს და ვერ აკავებს იმ ჩამოშლილ მასას, რაც დაფიქსირდა. შესაბამისად, ცოტა განსხვავებული პროექტი განხორციელდება. ჩვენ ჩართული გვყავდა დარგის სპეციალისტები. ბადეები მოიხსნება და ახალი თანამედროვე პროექტი განხორციელდება“,-განაცხადა კალაძემ.

კალაძის ინფორმაციით, 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე სულხან ცინცაძის ქუჩისკენ მიმავალი გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში ავტომობილების გადადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, ხოლო მეორე ზოლში გადაადგილება შესაძლებელი იქნება.

14 აგვისტოს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენამ ავტომანქანა დააზიანა.