ჩაჩანიძე: ერთ საათში გვინდა პასუხი, უშვებენ თუ არა პატიმრებს

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე, აქცია იმართება, სადაც მოქალაქეები რუსეთთან პირდაპირი ფრენების დაწყებას აპროტესტებენ.

პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, უარი თქვან რუსეთთან პირდაპირი ფრენების დაწყებაზე და გაათავისუფლონ დღეს, ყვარლის ტბასთან დაკავებული აქციის მონაწილეები.

ცოტა ხნის წინ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნოდარ ჩაჩანიძემ, აქციის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას აძლევენ ერთ საათს და ამ ერთს საათში ითხოვენ პასუხებს პროტესტის მონაწილეთა გათავისუფლებაზე და პირდაპირი ფრენების დაწყების გადაწყვეტილების გაუქმებაზე.

„ერთ საათში, 9 საათიდან 10-მდე, გვინდა პასუხი – უშვებენ თუ არა პატიმრებს და აუქმებენ თუ არა ფრენებს. ათასობით მოქალაქე ელოდება „ქართული ოცნებისგან“ განაცხადს აუქმებენ თუ არა ფრენებს. ერთ საათში გეტყვით რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ მოქალაქეებმა. დაველოდოთ ერთი საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პასუხს.იქამდე კი, მოგიწოდებთ ყველას შემოგვიერთდეთ რუსთაველზე!“ – განაცხადა ნოდარ ჩაჩანიძემ.

დღეს „ყვარლის ტბასთან“ აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა საქართველოში ლავროვის შვილის მაზლის ქორწილის გამართვა და ლავროვის შვილის ყოფნა გააპროტესტეს.

ლავროვის სანქცირებული შვილის საქართველოში ჩამოსვლაზე ინფორმაცია 19 მაისს ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა. მოგვიანებით ინფორმაცია უარყო „ყვარლის ტბის“ სასტუმრომ, თუმცა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მას კომუნიკაცია ჰქონდა შს მინისტრთან და გამოთქვა წუხილი საქართველოში რუსეთის „ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილის“ ყოფნასთან დაკავშირებით .

პრეზიდენტმა დღევანდელ განცხადებაში, ფაქტობრივად, დაადასტურა საქართველოში ლავროვის შვილის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია.

ყვარელში საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, შუშანა მაცაბერიძე, გელა ხასაია, გიორგი გოგიტიძე, დიმა ჩიქოვანი, ტიტე გედენიძე, ნიკა ჩხობაძე, ბექა პაპაშვილი, ლადო ხუსკივაძე და გიორგი ყაველაშვილი.

თელავში დააკავეს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარიაც.

საპროტესტო აქციისას დაკავებული პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულოგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.