„ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია“ - გაფრინდაშვილი სარჩელზე

პუბლიკა

„ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია“, – ასე ეხმაურება ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ამასთან დაკავშირებით გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს.

„ზოგადად, ცხოვრებაში და ასევე სპორტში გამარჯვების მისაღწევად რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს: რწმენა, ბრძოლის წყურვილი და ჟინი, პროფესიონალიზმი და აუცილებელი კვალიფიკაცია, გულშემატკივრები და სიმართლე.

მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ.

გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას მთელი ცხოვრება ვგრძნობდი. პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს.

მადლობა ამერიკულ სასამართლოს, რომელმაც ძალზედ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ახლაც ღრმად მწამს, რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს მგონი მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს.

დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი, გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის.

უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს საქართველოში და მთელს მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა.

ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. პატივისცემით, ნონა გაფრინდაშვილი“, – აღნიშნულია მიმართვაში.


ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა Netflix-ის შუამდგომლობა საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, გაფრინდაშვილის არგუმენტები, რომ ის დააკნინეს, დამაჯერებელია. მისივე თქმით, მხატვრული ნაწარმოები მსგავს საქმეებზე ხელშეუხებელი არ არის, თუ დაკნინება რეალურ ადამიანებს ეხება.

გაფრინდაშვილმა სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ გაჟღერებულ ინფორმაციას კი „უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ სწორედ იმ პერიოდში – 1968 წელს, რომელშიც სერიალის სიუჟეტი ვითარდება, 59 კაცს ეთამაშა.