ჩაერია თუ არა საპატრიარქო 9 ბავშვის ოჯახში „დაბრუნების“ საქმეში

პუბლიკა

„ნამდვილად იყო საპატრიარქო ჩარეული და უშუალოდ – მეუფე შიო. გამოვიკვლიეთ ყველა გარემოება, რაზეც ხელი მიგვიწვდებოდა, ამ ოჯახთან დაკავშირებით. საზოგადოების მხრიდანაც იყო აქტიური ჩართულობა და ახლა ბავშვები ოჯახში არიან“. – ამბობს „პუბლიკასთან“ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ოჯახზე, რომელსაც 9 ბავშვი ჰყავს და საიდანაც შესაბამისმა სამსახურებმა ბავშვები უგულებელყოფის მიზეზით სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანეს.

ანდრეა ჯაღმაიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბავშვები ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდნენ მას შემდეგ, რაც საპატრიარქო ჩაერია საქმეში და შესაბამისმა სამსახურებმა გადაწყვეტილება შეცვალეს.

აღნიშნულის გადასამოწმებლად „პუბლიკა“ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოში გვითხრეს, რომ საქმე ეხება აჭარაში ერთ-ერთი ოჯახიდან სოციალური მუშაკების მიერ გამოყვანილ 9 ბავშვს. ბავშვების ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანის მიზეზი უგულებელყოფა გახდა.

სააგენტოში ამბობენ, რომ მშობლებს ჰქონდათ ბავშვების ნახვისა და სახლში წაყვანის უფლება. მათ ამ უფლებით არაერთხელ ისარგებლეს და ახლაც სწორედ ამ უფლების საფუძველზე არიან ბავშვები ოჯახში.

„ამ შემთხვევაზე მუშაობა სააგენტომ 2019 წლიდან დაიწყო. ბავშვების გამოყვანა გასულ წელს მოხდა, თუმცა მშობლები დარეგისტრირებულები იყვნენ მნახველ და გამყვან პირებად და მათ არაერთხელ ისარგებლეს ამ უფლებით მანამდეც. ეს არის როდესაც მათ უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს მოინახულონ ბავშვები ან შესაბამისი განცხადების საფუძველზე გაიყვანონ ისინი თავიანთ საცხოვრებელში, რაც სწორედ ოჯახის გამთლიანებისკენაა მიმართული. მათთან მუშაობა გრძელდება. გამოყვანის მიზეზი იყო, ძირითადად, უგულებელყოფა“, – ამბობს სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე.

მისი თქმით, ამჯერადაც ოჯახმა ისარგებლა ამ უფლებით და ბავშვები სახლში წაიყვანა, მაგრამ ასევე განცხადება შეიტანა ბათუმის რაიონულ განყოფილებაში, ბავშვების საბოლოო დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით. სააგენტოში ამბობენ, რომ ეს განცხადება საბჭოს მიერ განხილვის პროცესშია და საბოლოო გადაწყვეტილებას უმოკლეს ვადაში მიღებენ. მანამდე კი მიმდინარეობს მონიტორინგი და ოჯახზე დაკვირვება.

რაც შეეხება საპატრიარქოს ჩარევას, სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ ამის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის და არც ბათუმის რაიონული განყოფილებისთვის.

„ამ წუთას ბავშვები ნამდვილად არიან ოჯახში, მაგრამ, როგორც გითხარით, მათ ჰქონდათ ამის უფლება. ოჯახში საბოლოო დაბრუნებასთან დაკავშირებით კი აუცილებელია საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც განხილვის პროცესშია. მე ის ვიცი მხოლოდ, რომ ოჯახის მხრიდან იყო მომართვა ბავშვების დაბრუნებაზე. შესაძლებელია, მათ დაეხმარნენ ამ მომართვის გაკეთებაში, ხელი შუწყვეს და ა.შ., მაგრამ მე გიხსნით, პროცედურულად როგორ ხდება. ოჯახს ისედაც ჰქონდა ამის უფლება. საბოლოო გადაწყვეტილებამდე კი მიმდინარეობს მონიტორინგი, რათა ბავშვები კვლავ არ აღმოჩნდნენ იმავე პრობლემების წინაშე, რაშიც იყვნენ“, – ამბობს „პუბლიკასთან“ მერი მაღლაფერიძე.