ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი. საფიქრელი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“ – ჩხეიძე

პუბლიკა

გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, თანაც უკლებლივ. ერთი თეთრიც არ დაკლებია… ახლა საფიქრელი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“, – წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრი ნატო ჩხეიძე.

„ბიუჯეტში დავაბრუნო?.. არაა, ისევ თავიანთ კორუფციულ სქემებს მოახმარენ. ქველმოქმედებაში?.. ან ვის გააწვდენ და თანაც დაგვამუნათებენ, ორი კურდღლის დაჭერა მოინდომესო… სამოქალაქო აქტივისტებს გადასცე და ერთ ყიჟინას ატეხს ეს ოცნება, უყურეთ, უყურეთ, რევოლუციას აფინანსებს ოპოზიციაო:) ერთი სიტყვით, აღარ ვიცი, რა წყალს მივეცე, რა ვუყო ამ თანხას?. ჰოდა, თქვენ მოგმართავთ, მეგობრებო, მირჩიეთ, გადავწყვიტოთ“, – წერს ჩხეიძე.

პარლამენტის დეპუტატების ნაწილს, ბოიკოტის მიუხედავად, ხელფასი ჩაერიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ პარლამენტის პრესსამსახურში დაუდასტურეს. აქვე განმარტეს, რომ 11 დეკემბრიდან ცნო პარლამენტმა დეპუტატების უფლებამოსილება და აღნიშნული ხელფასი სწორედ ამ დროიდან ითვლება.

ხელფასის ჩარიცხვას ადასტურებენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, სადაც „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ხელფასი ჩაერიცხა მათ, ვინც  წინა მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და მათი რეკვიზიტები პარლამენტს ჰქონდა, ხოლო ვისი  რეკვიზიტებიც არ ჰქონდათ, მათ მიიღეს წერილი რეკვიზიტების მოთხოვნის შესახებ, რომელიც არ გადაუგზავნიათ.

ხელფასის ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამაც გაავრცელა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩარიცხული ხელფასი ხაზინის ანგარიშზე უკან გადარიცხა.