ჩამოდიოდა 2 ოქტომბერს, დღეს გვეუბნება, რომ ბათუმშია. ე.ი. მოატყუა ამომრჩეველი - სანიკიძე

პუბლიკა

„ჩემი ინფორმაციით, საქართველოში არ იმყოფება. პლუს ამას, საჯარო ინფორმაცია იყო, რომ ჩამოდიოდა 2 ოქტომბერს კიევის რეისით, დღეს გვეუბნება, რომ უკვე ბათუმშია. ე.ი. მოატყუა უკვე თავისი ამომრჩეველი”, – ასე გამოეხმაურა „ფორმულასთან” საუბრისას „ქართული ოცნების” დეპუტატი ვიქტორ სანკიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.


დღეს დილის 9 საათისთვის ესპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა facebook-ზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ საქართველოშია. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. მან facebook-პოსტით ასევე მოუწოდა მოსახლეობას, 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან თბილისისკენ დაიძრან არჩევნების შედეგების დასაცავად. მისივე თქმით, ის თავადაც შეუერთდება ერთ-ერთ კოლონას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში და მისი ვიდეოც საქართველოში ჩაწერილი არაა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სააკაშვილის ვიდეო fake-ია და ის სპეციალური ტექნოლოგიითა გადაღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში იმყოფება.