„მე მაქვს კითხვები“, – ასე დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ კომიტეტზე გამოსვლა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა და საპროცედურო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სამსახურს მხოლოდ გუშინ ჰქონდა შესაძლებლობა, სრულად ენახა მრავალგვერდიანი კანონპროექტი. მან კანონპროექტის ავტორებსა და ინიციატორებს კომიტეტზე რამდენიმე კითხვით მიმართა.
„პირველი, მაინტერესებს კონკრეტული მაგალითები, როდის დაინახეთ პრობლემა პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და გამოძიების ფუნქციას შორის კვეთაში. კონკრეტული მაგალითები მჭირდება, ვინაიდან მე, როგორც ამ სამსახურის ხელმძღვანელს, რა თქმა უნდა, მაინტერესებს, სად დაინახა პარლამენტმა ეს პრობლემები და თუ მათ ეს პრობლემები დანახული ჰქონდა, რატომ ვიგებ მე დღეს ამას კანონპროექტით.
არსებობდა არაერთი ფორმატი, სადაც თქვენ შეგეძლოთ, დაგეძახათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, ჩემთვის. მე არ მახსენდება შემთხვევა, ქვენს დაძახებაზე რომ არ მოვსულიყავი პარლამენტში. არ მახსენდება შემთხვევა როდესაც მე კოლეგიალობის ან ანგარიშვალდებულების პრინციპი დამერღვიოს საქართველოს პარლამენტთან.
შემდეგი შეკითხვა – ჩამომითვალეთ კონკრეტული მუხლები, რომლებიც ქმნის უკეთეს გარანტიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობის, რადგან არსებული კანონი არის cope paste იმ კანონის, რაც არის. რაც არ არის cope paste, ამაზეც დავსვამ აუცილებლად შეკითხვას.
ასევე, მაინტერესებს, რით აძლიერებთ ამ სამსახურს, სახელმწიფო ინსპექტორის გარანტიებსა და ხელშეუხებლობას იმისათვის, რომ ორი წლის თავზე თქვენ კვლავ არ შეცვალოთ ეს კანონი და კვლავ არ მოისროლოთ სანაგვეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მისი თანამშრომლები.
კითხვა მესამე – მაინტერესებს, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ვაუმჯობესებთ პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობას, რატომ არ არის ახალ კანონში ასახული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „პერსონალური მონაცემების დაცვის“ შესახებ კანონში გათვალისწინებული პროგრესული სიახლეები და რატომ არის ეს კანონი არსებულის იდენტური.
მე ასევე მაინტერესებს – თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ვაძლიერებთ საგამოძიებო სამსახურს, რატომ არ არის გათვალისწინებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის ძალიან საჭირო რეკომენდაციები? რატომ არ არის გათვალისწინებული ამ სამსახურის შექმნის შემდგომ არასამთავრობო სექტორის მიერ გაცემული ბევრად საინტერესო რეკომენდაციები და ეს რეკომენდაცია, რომელსაც ახლა ეჭიდებით, აღარ არის აქტუალური, როგორც თვითონ გვითხრეს. რატომ არ არის არცერთი გამოწვევა ამ კანონპროექტის ასახული, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის იმ ანგარიშშია, რომელიც პირველი ანგარიში იყო, როცა ამ ორმა ფუნქციამ ერთად თანაიარსება. რომელიც, სამწუხაროდ, არ მოგვისმინეთ, რომ თქვენამდე მოგვეტანა, თუმცა წერილობითი დოკუმენტი გაქვთ, რომელსაც შეგეძლოთ გასცნობოდით.
ასევე, ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა მუხლები, რომელიც ემატება აი, ამ ქვემდებარეობის საკითხებს. მაინტერესებს სტატისტიკას თუ ფლობთ, რამდენ შემთხვევაში იყო ეს მუხლები ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, იმიტომ, რომ თქვენ ამის პრეცედენტებს ვერ ნახავთ და ეს მუხლები მე ძალიან კარგად მომეხსენება, რისთვის არის აქ, ამ კანონში ჩადებული. გენერალური პროკურატურის ანგარიშს ჩახედეთ, რამდენ ასეთ მუხლს ნახავთ სამოხელეო დანაშაულის კონტექსტში, ამიტომ ეს მუხლები არის თვალის ახვევის მცდელობა, თითქოს რეფორმას ვატარებთ, რაც ასე არ არის.
ასევე, მაინტერესებს, თუ ეს მუხლი ქმედითია და ქმედითად ვატარებთ, რატომ ვერ გაუბედეთ გენერალურ პროკურატურას, პროკურორებიც მოგეცვათ და პროკურორების მიერ ჩადენილი ეს მუხლებიც გამოეძიებინა ამ სამსახურს მაშინ, როდესაც გაუბედეთ სახელმწიფო ინსპექტორს, 289 გვერდი კანონპროექტი დაგეწერათ ისე, რომ ერთი შეკითხვაც არ დაგისვამთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის.
ასევე, დამისახელეთ საქართველოში მაგალითი, როდესაც უწყებების გაყოფის დროს… და თქვენ თქვით, რომ არაფერი არ უქმდება, რატომ ხდება ამ სამსახურის ლიკვიდაცია და არა რეორგანიზაცია და რატომ არ ნაწილდებიან ეს თანამშრომლები ორ სხვადასხვა სამსახურში.
მოგიყვანთ ციტატას თქვენივე კანონპროექტიდან, რომ 2022 წლის 1 მარტიდან უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე, მისი მოადგილეები. 1 მარტიდან შეუწყდეს შრომითი ურთიერთობები და სამსახურიდან გათავისუფლდნენ ინსპექტორის სამსახურის სხვა თანამშრომლები. თქვენ თქვით, რომ გასცემთ რეკომენდაციას – რა რეკომენდაციას გასცემთ სახელმწიფო ინსპექტორის ახალ არჩევით თანამდებობაში ჩაერევით და ეტყვით, ლონდა დატოვე, გიორგი გაუშვი, სალომე დატოვე და ა.შ. თუ როგორ აპირებთ ამ პროცესში ჩარევას შემდეგ ან რას ნიშნავს პარლამენტის რეკომენდაცია? ვის ჩამოხრჩობა, ვის სიკვდილი, თუ რას ნიშნავს? რას უპირებთ ამ თანამშრომლებს. ამ მუხლით, ყველანი მიდიან 1 მარტიდან სახლში.
მე მაქვს შეკითხვა, რომელ ევროპულ ქვეყანაში უქმდება არჩევითი თანამდებობა პარლამენტის მიერ და დამისახელეთ ამის პრეცედენტი თუ ყოფილა. ევროპულ სტანდარტებზე ბევრი ილაპარაკეთ.
ასევე, მექნება შემდეგი კითხვა – თქვენ იცით, რომ კანონი უნდა გაეგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის ურთიერთობებიც რეგულირდება. გუშინ ჩვენ მოგვივიდა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელზეც მოითხოვთ ჩვენს მოსაზრებებს. მაშინ გასაგებია, რომ შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია. ამის ღირსად არ მივიჩნიეთ თავი, მაგრამ რატომ არ გამოგვეგზავნა ეს კანონპროექტი, რომ დღეს გვქონოდა მეტი ინფორმაცია“, – მიმართა ლონდა თოლორაიამ კანონპროექტის ავტორებს კომიტეტის სხდომაზე.
„ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი დაარეგისტრირა. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.