„ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე საჭირო იყო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე. მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოს ვაქცინის მილიონ-ნახევარი დოზა აქვს.
„ვაქცინები იყო პრობლემა, შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე იყო საჭირო. შეგახსენებთ, რომ 2 კვირის წინ მილიონი ვაქცინა ჩამოვიდა, „ფაიზერის“ მილიონი დოზის შემოტანა უკვე დაიწყო, დაახლოებით ყოველ შაბათ-კვირას შემოგვივა. ასევე დაგეგმილია საჩუქრის გადმოცემა ამერიკის მთავრობისგან, რომელიც უახლოეს პერიოდში მოხდება. გუშინწინ შემოვიდა ნახევარი მილიონი დამატებით ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“, ანუ მილიონ-ნახევარი გვაქვს ადგილზე. რაც ყველაზე მთავარია, მთავარი არგუმენტი ჩვენი მოქალაქეებისთვის – აცრილებში დაინფიცირების ალბათობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობა არის პრაქტიკულად განულებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.19%-ია, გარდაიცვალა 26 ადამიანი.