„ჩამოწერეთ, რას არ ვაკეთებთ უკრაინისთვის" - „ოცნება" ოპოზიციას საჯარო დისკუსიას სთავაზობს

პუბლიკა

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიმართავს „რადიკალურ ოპოზიციას” – საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.

მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებას უფლება ექნება საბოლოოდ დარწმუნდეს, რომ მათი კრიტიკა ცარიელი დემაგოგიაა და ვიწრო სუბიექტური ინტერესებით არის ნაკარნახევი.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, შენიშვნების გასაჯაროების შემდეგ, მზად არიან გამართონ მათთან საჯარო დისკუსია თითოეულ შენიშვნასთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვგონია, რომ ყველა, ვინც უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციით უკრაინასთან დაკავშირებით, სინამდვილეში მხოლოდ იმითაა უკმაყოფილო, რომ საქართველო ომში არ ერთვება. თუ რაღაცის თქმა გსურთ და ვერ ბედავთ, ყველანაირად დაგეხმარებით, რომ სათქმელი ღიად გამოხატოთ.

ამიტომ, მივმართავთ რადიკალურ ოპოზიციას, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად. საჯაროდ დასმულ კითხვებზე ჩვენც საჯაროდ გაგცემთ პასუხს.

იგივეს ველით თქვენს მიერ დაქირავებული ლობისტებისგანაც. ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, მათ ფულს უხდით თუ რაიმე სხვა ფორმით ემუშავებით. ვხედავთ, რომ უცხოელებსაც აქვთ უკმაყოფილების განცდა, რაზეც ისინი საჯაროდ თუ ოფიციალურ შეხვედრებზე ხშირად მიგვანიშნებენ. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტებს ვერც მათგან ვისმენთ. გვაინტერესებს, რატომ ჰგავს მათი და „ნაციონალების” რიტორიკა ერთმანეთს. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, მათაც ჩამოეთვალათ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად. ამ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება უკეთ გაიგებდა, რა არის მათი რეალური სურვილი და განზრახვა.

ჩვენ ვიცით ოპონირების ფასი. უშეცდომო არავინაა და შეიძლება ჩვენც რაღაც გამოგვრჩა, რაღაც დავაკელით. მზად ვართ, მოვისმინოთ ნებისმიერი არგუმენტირებული შენიშვნა, ოღონდ არა აბსტრაქტული კრიტიკა ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე.

საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის ხელისუფლებას და რა გინდათ თქვენ. ნუ იქნებით იმის იმედად, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც მოვლენებს სიღრმისეულად ვერ აანალიზებს ან ემოციებს არის აყოლილი, მძევლად გყავთ აყვანილი. როგორც ხედავთ, ეს მოცემულობა თქვენს პოლიტიკურ წარმატებას მაინც ვერ განაპირობებს.

ამიტომ, გთავაზობთ დისკუსიის ნებისმიერ გონივრულ ფორმატს, რომელიც საქმეში ყველაზე ჩაუხედავ ადამიანსაც კი გააგებინებს სიმართლეს. მოდით და არა ცარიელი სიტყვებით, არამედ ფაქტებითა და არგუმენტებით გვესაუბრეთ ჩვენ და ესაუბრეთ საზოგადოებას”, – განაცხადა კობახიძემ.