„ჩამოყალიბდით, თქვენი იყო ეს ხალხი, თუ ენმ-ის? ძალიან აჭრილი ხართ მესიჯბოქსში“ - ნაცვლიშვილი „ოცნებას“

პუბლიკა

„ბოლოს და ბოლოს, ჩამოყალიბდით იქნებ, გუშინ საქართველოს 10 ათასობით მოქალაქემ რომ დაიკავა რუსთაველის გამზირი, თქვენი იყო ეს ხალხი, თუ ნაციონალური მოძრაობის? ძალიან აჭრილი ხართ მესიჯბოქსში“, – მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა უმრავლესობას შეახსენა აქციის დაწყებამდე გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ შეკრება ენმ-ის ორგანიზებულია, ხალხის მასის დანახვის შემდეგ კი, მისი თქმით, აღარ იციან, როგორ შეცვალონ განცხადებები.

„არც თქვენია ეს ხალხი და არც რომელიმე ერთი პარტიის. ეს ხალხი არის საქართველოს ევროპელი მოქალაქეები, რომლებმაც გუშინ თქვეს, რომ სახელმწიფო, ეს არის მოქალაქე და თითოეული მოქალაქე ხდება ლიდერი და იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაზე, რომ ივლის წინ და ვერავინ ვერ შეძლებს, ის გადააგდოს ევროპული, მშვიდობიანი და დემოკრატიული გზიდან. ეს გითხრეს გუშინ მოქალაქეებმა და ამ მოქალაქეებს უპირისპირდებით თქვენ თქვენი საცოდავი, უბადრუკი მესიჯბოქსით დღეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა, რომელმაც გამოთქმა „შიშს დიდი თვალები აქვს“ მოიშველია და თქვა, რომ პირველად ხედავს ასე ცხადად, რას ნიშნავს ეს გამოთქმა.

„შიშს დიდი თვალები აქვს და მტრედივით ჟღურტულიც სცოდნიათ შეშინებულ ადამიანებს – დავსხდეთ ერთად, ვიაროთ წინ, არ გვინდა პოლარიზაცია, ვწეროთ რეფორმები… რას აკეთებდით მთელი ერთი წელი, როცა ერთი წლის წინ მოგვეცა შესაძლებლობა, შარლ მიშელი ჩამოვიდა და დაიდო ევროპული გზის რეცეპტი?“, – მიმართა ნაცვლიშვილმა მმართველ გუნდს.

მისი თქმით, „ახლა, როდესაც ურემი გადაბრუნდა“, ხელისუფლებამ დაიწყო ფიქრი, რომ რაღაცებია გასაკეთებელი.


გუშინ, 20 ივნისს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა – „შინ, ევროპისკენ”.

აქციის ორგანიზატორებმა მომდევნო აქცია 24 ივნისს დააანონსეს, სადაც მათი თქმით, საზოგადოების წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა. ახალი მოძრაობა, რომელსაც „სირცხვილიას“ თქმით, სათავეში ჩაუდგება ხალხი, წამოაყენებს მოთხოვნებს. მოთხოვნების შეუსრულებლობა კი სახალხო დაუმორჩილებლობას განაპირობებს.