„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (TDI) განცხადებით, 13 სექტემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასშტაბური უკანონო ფარული მოსმენისა და თვალთვალის შესაძლო ფაქტების შესახებ უკიდურესად საგანგაშოა.
„ხელისუფლების მიერ მოქალაქეების ტოტალური კონტროლი, უკანონო მოსმენა, პირადი ცხოვრების შესახებ მოპოვებული მასალების მოპოვება და დამუშავება არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ხელჰყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუვალობას და სახელწიფო ინსტიტუტების სრულ კოლაფსს ავლენს. გავრცელებულმა მასალებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელისუფლება, სუს-ის მეშვეობით, აკონტროლებს და უთვალთვალებს საზოგადოების ფაქტობრივად ყველა ჯგუფის წარმომადგენელს“, – აცხადებს TDI.
ორგანიზაციის განცხადებით, რელიგიის თავისუფლების დაცვა და საზოგადოების ტოლერანტული განვითარების პერსპექტივა უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რელიგიურ გაერთიანებებს, ორგანიზაციებს, ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ საქართველოში კონსტიტუციისა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე აკონტროლებს ხელისუფლება და ცდილობს მათ დისკრედიტაციას.
„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჩანაწერებს შორის არსებობს TDI-ის წარმომადგენლების შესახებ რეზიუმეები დაგეგმილი შეხვედრების, ვიზიტების, სამომავლო გეგმების, რელიგიურ ორგანიზაციებთან საუბრებისა და ურთიერთობის შესახებ. საჯაროდ გავრცელებული მასალის თანახმად, რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების ფარული კონტროლი, სავარაუდოდ, ატარებს ინტენსიურ და ყოვლისმომცველ ხასიათს. ფარული ჩანაწერების ავთენტურობა ამ დროისთვის არაერთმა ადამიანმა და ორგანიზაციამ დაადასტურა“, – აცხადებს ორგანიზაცია.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოცანები უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაცვა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმთან ბრძოლა და სხვა. „თუმცა, როგორც ვხედავთ, ხელისუფლება წლების განმავლობაში საკუთარ უფლებამოსილებას პოლიტიკური ანგარიშსწორების, ადამიანების ყოვლიმომცველი კონტროლის, დაშინების, შანტაჟის, მათ შესახებ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, მადისკრედიტირებელი ჭორების გავრცელებისა და პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით იყენებს“.
„უახლოეს მომავალში აუცილებელია, განხორციელდეს სუს-ის ინსტიტუციური რეფორმა და მის მთავარ ფუნქციად განისაზღვროს კონტრდაზვერვა, ანტიტერორისტული საქმიანობა და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა. სუს-ის რეფორმა უნდა მოიცავდეს სამსახურის ეფექტიანი კონტროლისა და ანგარიშვალდებულების კომპონენტს, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს უკანონო ფარული მოსმენისა და თვალთვალის რისკებს“, – აცხადებს TDI.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ წლების განმავლობაში სუს-ს საქმიანობამ და განცხადებებმა აჩვენა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი არა რელიგიის თავისუფლების დაცვა, არამედ მისი სახელმწიფო უსაფრთხოების პრიზმით განხილვა და რელიგიურ გაერთიანებებზე, განსაკუთრებით უმცირესობებზე, კონტროლის მექანიზმების გაძლიერება იყო. მსგავსი პრაქტიკის მაგალითად ორგანიზაციას მოჰყავს 2013 წელს „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შეიხ ვაგიფ აქპეროვის იძულება, დაეტოვებინა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის პოზიცია. როგორც მოგვიანებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ვაგიფ აქპეროვის კომპიუტერზე ვირუსული ფაილი ფარულად ჩატვირთა შეიხის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ფარულად მოპოვების მიზნით. ვაგიფ აქპეროვის იძულების საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია“.
TDI აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას ამ დრომდე არ აუღია პოლიტიკური პასუხისმგებლობა უპრეცედენტო მასშტაბის მასობრივ უკანონო მიყურადებაზე, თვალთვალზე, შანტაჟზე – მოქალაქეების ფარულ კონტროლზე. მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან არ გაკეთებულა არცერთი განცხადება, რომელიც ადეკვატურად შეაფასებდა საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს. ამგვარი ხელისუფლება აღარ იმსახურებს მოქალაქეების ნდობას.