ჩანგელიშვილებს ბინა ტექნიკური პროცედურების შემდეგ გადაეცემათ - დევნილთა სააგენტო

პუბლიკა

დღეს თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბესარიონ სიმონიშვილმა აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ჩანგელიების ოჯახთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა.

სიმონიშვილის განცხადებით, 2020 წლის ნოემბერში დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განიხილა ჩანგელიების ოჯახის დაკმაყოფილების საკითხი.

„30 ნოემბერს სააგენტომ ოფიციალურად შესთავაზა 5-სულიან დევნილ ოჯახს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ევროპული სტანდარტების შესაბამისად აშენებულ საცხოვრებელ სახლში ფართის გადაცემა. 2020 წლის 1-ელ დეკემბერს ჩანგელიების ოჯახმა სააგენტოს ოფიციალურ ფოსტაზე წერილობით დაგვიდასტურეს და განაცხადეს თანხმობა ბინის მიღებაზე“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

სიმონიშვილის თქმით, 7 დეკემბერს სააგენტომ გამოაქვეყნა დევნილი ოჯახების სია, რომლებიც დაკმაყოფილდნენ საცხოვრისით ამ ეტაპზე და მათ შორის იყო ჩანგელიების ოჯახიც.

„12-13 დეკემბერს ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში გაიმართა კენჭისყრა, სადაც გამოცხადდა ხსენებული ოჯახი. იქიდან გამომდინარე, რომ 5-სულიანი ოჯახიდან ორი სრულწლოვანი წევრი არ იმყოფებოდა ადგილზე, კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ვერ გადავეცით გასაღები. დევნილთა სააგენტო გამოხატავს მზადყოფნას, ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეს, თბილისში, ზუგდიდში, ოჯახისთვის მისაღებ ადგილას (ეს არის ტენიკური პროცედურები. ყველა სრულწლოვანმა უნდა მოაწეროს მიღება/ჩაბარების აქტს ხელს) მათ კანონმდებლობის შესაბამისად გადასცეს კუთვნილი ბინა.“, – განაცხადა სიმონიშვილმა.


ჩანგელიების უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR“ იცავს. მათი განცხადებით, საზოგადოების მხრიდან პროტესტის შემდეგ მერიამ დევნილთა სააგენტოსთან ერთად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულმა ოჯახმა მიიღო ბინა ზუგდიდში არსებულ დევნილთა საცხოვრებელში.

PHR-ის განცხადებით, გიგი ჩანგელიას ოჯახს, დღეის მდგომარეობით, ბინა არ აქვს მიღებული. ერთადერთი საცხოვრებელი, რაც აქვთ, არის აფრიკის დასახლებაში არსებული ფაქტობრივი ფართი.

„დავუკავშირდით დევნილთა სააგენტოს და მოვითხოვეთ ყველა ადმინისტრაციული პროცედურის სწრაფი და მოსახერხებელი გზით განხორციელება. კერძოდ, ოჯახი არ გახდეს იძულებული, ჩავიდეს ზუგდიდში, რადგან ოჯახს ამის საშუალება არ აქვს და ყველა პროცედურა ჩატარდეს თბილისში, სადაც ტრანსპორტირებას PHR უზრუნველყოფს. ამ გარემოების გათვალისწინებით აუცილებელია, სააგენტომ თბილისში ჩაატაროს ყველა საჭირო პროცედურა, გადასცეს ბინის გასაღები, ოჯახისა და ბავშვის ტრანსპორტირება უზრუნველყოს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან ერთად დანიშნულების ადგილას“, – აღნიშნავს PHR.