ჩანს, იმის გამო აგვითვალწუნეს, რომ დეოკუპაციას მშვიდობიანად ვცდილობთ - წულუკიანი უკრაინაზე

პუბლიკა

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველო მხოლოდ იმის გამო აითვალწუნა, რომ ქვეყნის გამთლიანებას მშვიდობიანი გზით ცდილობს. ასე გამოეხმაურა წულუკიანი უკრაინული პლატფორმის „Війна і санкції” ვებგვერდზე დასასანქცირებელ ქართველ ბიზნესმენთა სიის გამოქვეყნებას, რომელშიც ივანიშვილი და მისი გარემოცვა მოხვდა.

„ჩვენ, როგორც ჩანს, მორიგჯერ ვართ ათვალწუნებული მხოლოდ იმის გამო, რომ ვინარჩუნებთ სტაბილურობას, რომ ვიბრძვით დეოკუპაციისა და თავისუფლებისთვის შეძლებისდაგვარად გაწონასწორებულად, მშვიდობიანი გზით ვცდილობთ ქვეყნის გამთლიანებას“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, უკრაინის მიმართ მეტად მწვავე შეფასებას არ გააკეთებს, რადგან უკრაინელი ხალხი არსებობისთვის იბრძვის.

„რას ვიზამთ, ჩვენ ვნახეთ, რომ იმ ქვეყნის ხელისუფლებაში ზოგიერთ წარმომადგენელს იდეების ნაკლებობა არ აწუხებს და როგორც ჩანს, ეს არის მათი მხრიდან მორიგი „კრეატიული იდეა“. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელი ხალხი, ბავშვები გასაჭირში არიან, რომ მათ ყოველდღიური არსებობის საფრთხის წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა. ამიტომ სწორედ მათ გამო და არა მათი ხელისუფლების გამო, თავს შევიკავებდი უფრო მწვავე შეფასებისგან“, – თქვა წულუკიანმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.


უკრაინული პლატფორმის „Війна і санкції” ვებგვერდზე, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის მხარდაჭერით ხორციელდება, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა დასასანქცირებელთა სიაში მოხვდნენ.

„ომი და სანქციები“ არის პორტალი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, იპოვონ ადამიანი ან კომპანია, რომელიც, მათი აზრით, ყველაზე მეტად იმსახურებს სანქციებს და მოუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეიტანონ ისინი სანქცირებულთა სიაში.

სიაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც მოხვდნენ. მათ შორისაა, ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ძმის ცოლი, ქეთევან ხარაიძე, რომლის სახელზეც ალექსანდრე ივანიშვილს ბიზნესები აქვს გაფორმებული.

ამასთან, სიაშია ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, მის შვილთან, ტატე მამაცაშვილთან ერთად.