ჩარკვიანი ენმ-ზე: გუნდში როდესაც გამოჩნდება მერიის თანამშრომელი, კითხვები ჩნდება

პუბლიკა

„გუნდში როდესაც გამოჩნდება მოქმედი მერიის თანამშრომელი, კითხვები ჩნდება. როდესაც „აწარმოე საქართველოში“… ერთ-ერთი ყველაზე კორუფციული ორგანიზაციაა“, – აცხადებს პარტია „კანონი და სამართლის“ წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარგენილ ახალ წევრებთან დაკავშირებით.

„ხალხში ჩნდება კითხვები და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, თორემ ნიჰილიზმი ჩნდება და ეს წყალს ასხამს „ქართული ოცნების“ წისქვილის მხარეს“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი „TV პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებსაც აქვთ კითხვები და ამის შესახებ ისინი ღიად წერენ. თუმცა ჩარკვიანმა ისიც აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი წევრებიდან „კარგი შთაბეჭდილება დატოვა ერთმა ქალბატონმა და [გიორგი] ხვედელიანმა“.

„იმ ხელისუფლების დროსაც ოპოზიციაში ვიყავი იმიტომ, რომ სამარცხვინო პენიტენციური სისტემა იყო და ეს არავის არ დაავიწყდეს. ჰყავდა და ჰყავს შესანიშნავი, ძალიან დიდი მასშტაბის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ მომიტევეთ და ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა აქ მყოფ ლიდერებთან კითხვები არ არსებობს“, – განაცხადა ჩარკვიანმა, თუმცა ვის გულისხმობდა არ დაუკონკრეტებია.

„კანონი და სამართლის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ არ ენდობა „გირჩის“ ლიდერებს – იაგო ჩარკვიანსა და ვახო მეგრელიშვილს.

„რატომ უნდა ველაპარაკოთ ვახო მეგრელიშვილსა და იაგოს, ერთმანეთში ნდობა არა აქვთ ზურა ჯაფარიძეს და ყოფილ განაყოფს და ჩემთან პირადად ნდობით არ სარგებლობს ეს ორი ადამაინი“, – აღნიშნა მან.


„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ახალი წევრები 31 იანვარს წარადგინა.