საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ დეპუტატ სალომე სამადაშვილის დამაზუსტებელი შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ სამადაშვილი თავის გამოსვლებში „ზიზღს ურევს“. მან მოუწოდა პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს, დააკვირდნენ სამადაშვილის გამოსვლას.
შალვა პაპუაშვილისვე თქმით, სამადაშვილი ევროპელ მოკავშირეებთან ხელისუფლების დისკრედიტირებითაა დაკავებული.
„მოგიწოდებთ ყველა დეპუტატს, მოვუწოდებ ჟურნალისტებს, ქალბატონი სალომე რომ გამოვა, ჩართეთ წამმზომი და დაელოდეთ, თუ ერთ წუთში არ იქნება ზიზღის რამე სიტყვა, ერთი წუთი თუ გაძლებს, რომ შიგნით ზიზღი არ გამოურიოს. ერთი კითხვა დასვა და მეორე დააზუსტა, ჯერ კლოუნიო თქვა, მერე ქალბატონ მაკაზე თქვა დაქირავებულიო, მერე თქვა მოძალადეებიო… არ ვიცი, რა გითხრათ, რა პოლიტიკურ კულტურაზე ვისაუბრო და რა იმედი გვაქვს, როცა ის თავად საუბრობს, რომ კოლეგებს ევროპაში ელაპარაკება და არწმუნებს. ხომ ხვდებით, რაზე ელაპარაკება? იმაზე, რომ კლოუნები არიან ხელისუფლებაში; იმაზე, რომ დაქირავებულები არიან ხელისუფლებაში; იმაზე, რომ მოძალადეები არიან; იმაზე, რომ ზიზღია და ეს არის მისი პოლიტიკური ამოცანა. ერთადერთი რჩევა მექნება მის მიმართ, თავს დაუფიქრდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.