„სამწუხაროა, რომ პოლიტიკაში პირდაპირ ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც ეწინააღმდეგება მათ ნეიტრალობის პრინციპს, მაგრამ დიდი ხანია, ვხედავთ, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია პოლიტიკის მონაწილეა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიად ორგანიზებული არ არიან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.
„მათ მიმართ მოწოდება მექნება, რომ ვისაც პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და უნდა ამ დღის წესრიგის განმსაზღვრელი იყოს, რეორგანიზდეს პოლიტიკურ პარტიად, შემოვიდეს ჩვენს მოედანზე, როგორც პოლიტიკური პარტია, გაამხილოს თავისი თავი პოლიტიკურ პარტიად და იბრძოლოს ამ ველზე და არა სხვა ველზე, არასამთავრობო სექტორის თუ მედიის ველზე, რომ იქიდან კვაზიარასამთავრობო, კვაზიმედიის სახით იყოს და რეალურად, პოლიტიკური პარტიის როლს ასრულებდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
24 ივნისს თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა. აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს ზამთრამდე შეასრულებს.
მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება. მანამდე კი ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის ერთკვირიანი ვადა ეძლევა.