ჩართული ვართ მთელი ძალით, რომ არ მოხდეს რაიმე სახის ძალადობა - ვაჟა სირაძე

პუბლიკა

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის ტერიტორიიდან გაყვანილია 4, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც თავს დაესხა ჟურნალისტს.

„იყო ინციდენტი, რაზეც პოლიციელებმა მყისიერი რეაქცია მოახდინეს. ამ ეტაპზე 4 პიროვნებაა შემთხვევის ადგილიდან გაყვანილი. დაკავებულია ის პირი, რომელმაც განახორციელა გარკვეული სახის ძალადობრივი ქმედება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩართული ვართ მთელი ძალით, რომ არ მოხდეს რაიმე სახის ძალადობა“, – თქვა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან.

რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. შსს აფრთხილებს ორივე აქციის მონაწილეებს, რომ არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაანონსდა „მდუმარე აქცია“, რომლის პარალელურად, ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგეგმა კიდევ ერთი აქცია.

მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

აქვე, არსებული რისკების გათვალისწინებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ – ითანამშრომლონ პოლიციის თანამშრომლებთან, გაითვალისწინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებები და რეკომენდაციები“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.