„ჩასარიცხი აპარატის დაზიანებით ეუფლებოდნენ აპარატში არსებულ სრულ თანხას" | შსს-ს ცნობით, დაკავებულია 3 პირი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციამ 2003 წელს დაბადებული ო.მ., 2006 წელს დაბადებული რ.ა. და 2006 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, გ.ხ. ჯგუფურად, დიდი ოდენობით, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, იმერეთის რეგიონში, სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით, მათ სარგებლობაში არსებულ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხას რიცხავდნენ, შემდგომ კი აპარატის დაზიანებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აპარატში არსებულ სრულ თანხას.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ო.მ., რ.ა. და გ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველებმა მოპარული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.