თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N37-ში მრავალსართულიანი კომპლექსის აშენება სურს კომპანიას „დეველოპმენტ ჭავჭავაძეზე“. კომპანიამ უკვე განცხადებით მიმართა თბილისის უბრანული განვითარების საქალაქო სამსახურს. განცხადება ეხება მრავალფუნქციური კომპლექსის განთავსების მიზნით განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცებას.
ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა გასული წლის სექტემბერში კომპანიას უპასუხა, რომ განაცხადში ხარვეზებია და მას რამდენიმე სახის დოკუმენტაციის (მათ შორის კვლევების) წარდგენა მოსთხოვა.
„სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს ტერიტორიის განვითარება მოხდეს უფრო დაბალი ინტენსივობით, ვიდრე ამას საპროექტო წინადადება ითვალისწინებს. ამასთანავე მნიშვნელოვნად გადაჭარბებულია საცხოვრებელი ფუნქცია, რაც გამოიწვევს ტერიტორიის მოსახლეობით გადამჭიდროებას“, – წერია საქალაქო სამსახურის განცხადებაში.
კომპანიამ საქალაქო სამსახურს 2019 წლის 2 დეკემბერს ისევ მიმართა და განცხადება განხილვის პროცესშია. შპს „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“ მიუთითებს, რომ მრავალფუნქციური კომპლექსი შემდეგი მიმართულებებით იფუნქციონირებს:
„საცხოვრებელი; სასტუმრო; კომერციული; საზოგადოებრივი თავშეყრის; გასართობი; სპორტულ-გამაჯანსაღებელი და აღნიშნული სახეობებისთვის საჭირო დამხმარე ფუნქციების განვითარებას; ასევე საპროექტო არეალის ფარგლებში მდებარე სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა გაჯანსაღებას; მთელი ტერიტორიის ფარგლებში, გეგმარდება თანამედროვე სტანდარტების მქონე; აქტიური გამოყენების საჯარო სივრცის რეკრეაციული გარემო, რომელიც ინტეგრირებულია ქვეითების გადაადგილებისთვის განკუთვნილ სავალ ნაწილთან და სახელდება შიდა კვარტალური, თანამედროვე სტანსარტების მქონე საუბნო და სარაიონო მოხმარების საზოგადოებრივი თავშეყრის საჯარო სივრცედ“, – წერია კომპანიის განაცხადში.