ჩავთვალეთ, რომ ოპტიმალური მკურნალობა მიმდინარეობს - ყიფშიძე სააკაშვილზე

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ნევროლოგი ოთარ თოიძე კლინიკა „ვივამედში“  სააკაშვილის მკურნალ ექიმებს შეხვდნენ.

როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თავად სააკაშვილის მონახულების საშუალება არ მიეცა, თუმცა შეხვდა მკურნალ ექიმებს.

„გვქონდა შეხვედრა მთავარ ექიმთან, გვქონდა შეხვედრა ასევე მკურნალ ექიმებთან და რამდენიმე განყოფილების გამგესთან. გავიარეთ მკურნალობის კურსი, როგორ მკურნალობენ ახლა პრეზიდენტს. ასევე დავსახეთ გეგმა შემდეგი ტესტირების, როდის და რა უნდა გაკეთდეს.

დეტალურად ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რა წამლებს აძლევენ, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ოპტიმალური მკურნალობა მიმდინარეობს. ორშაბათს გვაქვს დაგეგმილი შემდეგი შეხვედრა, სადაც გავივლით ანალიზის პასუხებს და შევხედავთ, როგორ მიდის მკურნალობა“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.


მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში” 11 მაისს გადაიყვანეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობას“ მის თავდებში ჩადგომის ინიციატივა აქვს. ენმ ამბობს, რომ ამ ჟესტით ხელისუფლებას აჩვენებენ, რომ სააკაშვილს სასჯელისგან თავის არიდება არ სურს.