ჩეჩენი აქტივისტები ტუმსო აბდურაჰმანოვის მკვლელობაზე გავრცელებულ ცნობას ადასტურებენ

პუბლიკა

მედია, აქტივისტები და კადიროვთან დაპირისპირებულ ჩეჩნებთან დაკავშირებული სოციალური მედიის გვერდები ჩეჩენი ბლოგერის ტუმსო აბდურაჰმანოვის მკვლელობას ადასტურებენ.

„ჩვენთვის რამდენად მძიმეც არ უნდა იყოს მომხდარის დადასტურება, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, გავრცელებული ცნობები სიმართლეა.

რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვატარებდით დამოუკიდებელ გამოძიებას ტუმსოს მკვლელობასთან დაკავშირებით. თავდაპირველად, ამის დაჯერება არ გვსურდა, მაგრამ ამ ეტაპზე უკვე საკმარისი ინფორმაცია გვაქვს, რომ დავადასტუროთ მისი სიკვდილი“, – წერს ჩეჩნური ტელეგრამ-არხი 1ADAT.

Кавказский Узел-ის ინფორმაციით, ტუმსო აბდურაჰმანოვის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთ ჩეჩნურ ტელეგრამ-არხზე რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მოგვიანებით, არხმა ინფორმაცია წაშალა და განაცხადა, რომ ბლოგერის სიკვდილი დადასტურებული არ იყო.

ტუმსო აბდურაჰმანოვი ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში არ გამოჩენილა. ის ცნობილი ბლოგერი იყო და ხშირად აკრიტიკებდა კადიროვის ხელისუფლებას. კადიროვთან დაპირისპირების შემდეგ მან ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა და ევროპაში გადავიდა. ტუმსო აბდურაჰმანოვის მკვლელობა 2020 წელსაც სცადეს. მაშინ მასთან ღამით სახლში ერთი პირი შეიჭრა, მაგრამ ტუმსომ თავდამსხმელის განიარაღება შეძლო.