ჩეჩენი ბლოგერი, რომელიც ღიად აკრიტიკებდა რესპუბლიკის პრეზიდენტს, რამზან კადიროვს, მოკლული იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian აქვეყნებს.
44 წლის იმრან ალიევი საფრანგეთში, ქალაქ ლილეში, სასტუმროს ნომერში მოკლული იპოვეს. მას კისრის არეში დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა.
ადგილობრივ პოლიციას ეჭვმიტანილები არ დაუსახელებია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ბლოგერი პოლიტიკური ნიშნით მოკლეს.
ალიევი, ბელგიაში გადასახლების შემდეგ ხშირად აქვეყნებდა ჩეჩნეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ ვიდეოებს Youtube-ზე.
ლტოლვილობაში მცხოვრები ჩეჩნები, რომლებიც ხმამაღლა აკრიტიკებდნენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რამზან კადიროვს, ხშირად გამხდარან მკვლელობის სამიზნეები. შარშან ჩეჩენ აჯანყებულთა ყოფილი მეთაური ბერლინში, სკვერში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეა.