ჩეხთიდან საქართველოს გავლით რუსეთში ტვირთის შესაძლო გადინებაზე კომენტარის გამო, ჩეხეთის ელჩი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. პეტრ მიკისკა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ელჩმა განმარტა, რომ მის სიტყვებს მცდარი ინტერპრეტაცია მოჰყვა და საქართველოსთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.
„საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით და ელჩისგან მოითხოვა დეტალური ახსნა-განმარტება, რას ეფუძნებოდა პეტრ მიკისკას განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას.
ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ სამწუხაროდ, მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება. მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას, ელჩმა აგრეთვე დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში შეკითხვები არ არსებობს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი რუსეთისა“ და ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებულ ღონისძიებაზე ჩეხეთის ელჩმა საქართველოს პოზიციაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და დარწმუნებულია, რომ სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.
„ამ წლის დასაწყისიდან, [ჩეხეთიდან] ჩეხური პროდუქტების საქართველოში ექსპორტი გაიზარდა 80%-ით, გასულ წელთან შედარებით. თითქმის გაორმაგდა. გასულ წელს, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გავლენა იყო, უკვე რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა“, – თქვა ჩეხეთის ელჩმა და დასძინა:
„ასე რომ, საკმაოდ დარწმუნებული ვართ, ამ ზრდის ნაწილი რუსეთში მიდის“.
მაკისკამ ასევე დაამატა, რომ, ჯერჯერობით, დაზუსტებით არ გარკვეულა, „ეს პროდუქტები მართლა ჩრდილოეთით წავიდა თუ არა“.
ასევე, მაკისკას განცხადებით, ამ საკითხებთან დაკავშირებით ევროკომისია საქართველოს პოზიციას დააკვირდება და შესასრულებელ 12 პუნქტთან ერთად გაითვალისწინებს იმასაც, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს პოზიცია საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკაზე განცხადებებს.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებითაც, წელს ჩეხეთიდან შემოტანილი ტვირთის ღირებულება გაზრდილია.