7-თვიანი პატიმრობის შემდეგ გივი თარგამაძემ საპატიმრო დატოვა – მას რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დახვდნენ.
გივი თარგამაძეს პროკურატურა „ოცნების” პარლამენტში შექმნილი თეა წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებოდა.
საპატიმროს დატოვების შემდეგ გივი თარგამაძემ ციხეში მყოფ ადამიანებს ჯანმრთელობა უსურვა, ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებულ 7 თვეზე, ასევე კომენტარი გააკეთა თავის გეგმებზე და აღნიშნა, რომ თავს ხედავს ამ ბრძოლაში ნებისმიერ ადგილას, სადაც საჭირო იქნება.
„პირველ რიგში, მიხარია, რომ თქვენ [ჟურნალისტებს] გხედავთ, ცოტა ღრმად ჩასუნთქული ველოდებოდი თქვენი სეზონის განახლებას – მოახერხებენ, არ მოახერხებენ და მიხარია, რომ მოახერხეთ.
გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროში. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ბოლო გამოვდიოდე და ყველა გამოსული იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვწყვეტთ ამას. ჯანმრთელობას ვუსურვებ ამ ხალხს, მხნეობა და გამძლეობა აქვთ და დაამტკიცეს ეს.
მადლიერება მინდა, გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ეს თვეები მგულშემატკივრობდა, განსაკუთრებით ჩემს ოჯახს ედგა გვერდში. ჩემი ცოლიც და შვილებიც მებრძოლი გოგოები არიან ნამდვილად, მაგრამ უთქვენოდ ბევრად გაუჭირდებოდათ და ამის გამო მადლიერი ვარ. მიყვარხართ ყველა.
სხვა მხრივ, ცოტა ორიგინალურ გარემოში მომიწია ჯდომა – ჩემ ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდიდა ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის, ანუ ამაფეთქა. სადღაც გვერდზე იჯდა ადამიანი, რომელიც ამ აფეთქების საქმის ბლოკირებას აკეთებდა სუსიდან თავის დროზე, შემდეგ ესენიც შემოგვიერთდნენ რომეო [მიქაუტაძე] და ჯუ….[ჯუანშერ ბურჭულაძე], შემდეგ ლილუ [გრიგოლ ლილუაშვილი] და საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ ჩემს მეზობელს, მაინც გული რა არის, თებერვლამდე შეეძლო მოცდა, მაგრამ ცოტა ხნით ჩემთან სიახლოვე რომ ეგრძნო, შემომიმეზობლდა აქაც [ირაკლი ღარიბაშვილი]. დიდი ხნით ერთ სივრცეში არ გვაჩერებდნენ, მაგრამ ახლა მე გავამაგრებ ქუჩას და ის გაამაგრებს აქაურობას.
მე ვხედავ ჩემს თავს ამ ბრძოლაში ნებისმიერ ადგილას, სადაც საჭირო ვიქნები და აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. ვინაიდან წლების განმავლობაში მქონდა შანსი, მოვხვედრილიყავი რუსულ ან ბელორუსულ ციხეში, მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის, ამიტომ ყველაფერ გავაკეთე, რომ უკეთეს ფორმაში ვყოფილიყავი – ფიზიკურადაც და მორალურადაც.
მე პარტიულ ლიდერშიფს არ წარმოვადგენ, მაგრამ კონსულტაციებში ჩავერთვები და ჩემს იდეებს მივაწვდი. მართლა ობობას ველაპარაკებოდი მთელი 7 თვე და ამიტომ ვერავის ჭკუის სწავლებას ვერ დავუწყებ. ჯერ ადამიანებთან დავილაპარაკებ, გავერკვევი ზუსტად რა და როგორ ხდება.
ეს [პატიმრობა] არის ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი და რთულია, არ არის მარტივი, ზოგ შემთხვევაში ტრაგიკულიცაა, მაგრამ არა გამოუსწორებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფასის გადახდაზე ხალხი უარს არ ამბობს და ამის გამო არ ჩერდება – თუ ახლა გაჩერდები, ეს ფასი აიწევს ავტომატურად იმ ნიშნულზე, რომელსაც ახლა ირანში და უფრო მეტად უკრაინაში ვხედავთ. ეს ფასი გადასახდელია, სამწუხაროდ. სხვა მხრივ, რაღაც საფრთხეების გამო არის ბრძოლა, არის მარცხი მაშინვე. ახლა არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მარცხისთვის ვიყოთ მზად.
გარწმუნებთ, ახლა ბევრად მოწყვლადია ეს რეჟიმი. ამას ვხედავდი ციხეში მათი პოპულაციის განუწყვეტელი მატების გამო. იმ „ქოცებს“, რომლებიც ახლა რიგშია, მინდა უფასო რჩევა მივცე – სანამ დრო აქვთ, მიხედეთ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების საკითხს და მერე მრავალი წლის განმავლობაში, გრძელი ღამეებისა და დღეების განმავლობაში, ჩემი მადლიერი იქნებიან ამ რჩევისთვის, იმიტომ, რომ ამ ციხეში წყალია პრობლემა, ისიც უფრო ზაფხულში, სხვა მხრივ „იჯდომება“, ნახავენ თვითონაც და დარწმუნდებიან.
ისე, „მოიხოდნენ“ უკვე, დაეტყო ციხეს ეს ახალი პოპულაციის ზრდა, გამოცვალეს განათებები დერეფნებში, საჭმლის შეტანა რომ არ შეიძლებოდა, სამი დღის წინ გვითხრეს, რომ უკვე შეიძლება, თვეში ორჯერაც შეიძლება, მოუვლიან მაგ ხალხს. საერთოდ, ალბათ, დროა უკვე, რომ ახლანდელ ტრენდზე გადასვან ეს სისტემა – ხომ არის – ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი; ერთი უბანი, ერთი სუპერმარკეტი და იყოს ასევე ერთი პარტია, ერთი ციხე“, – თქვა გივი თარგამაძემ.
გივი თარგამაძე 2025 წლის 27 ივნისს დააკავეს. ის ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მას შემდეგ მივიდა, რაც თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება 2 წლით აუკრძალა.
თარგამაძეს თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
ამავე საქმეზე სასჯელს იხდიან ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებიც – ნიკა გვარამია და ნიკა მელია, ასევე ირაკლი ოქრუაშვილი.
სასჯელი სრულად მოიხადეს ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემ, ხოლო ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ „ოცნების“ პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ დროზე ადრე დატოვეს საპატიმრო.