2 ივნისს პარლამენტის წინ დაკავებული უფლებადამცველი ნიკა რომანაძე მის მიმართ პროვოკაციული და პროპაგანდისტული ნარატივის გააქტიურებაზე წერს. რომანაძემ წინასწარი დაკავების იზოლატორი 48-საათიანი დაყოვნების შემდეგ, წუხელ, 4 ივნისს დატოვა. მას აქციაზე ბანერი ეჭირა, რაზეც „ირაყლი” ეწერა.
„უკანონო დაკავების შემდეგ, თელავში გადაყვანისას გამაყოლეს მძღოლი, რომელსაც ირაკლი ერქვა. ის ცდილობდა ჩემგან ცრუ ჩვენება ვიდეოთი გადაეღო, რომელსაც შემდგომ სასამართლოში, ჩემ წინააღმდეგ გამოიყენებდნენ – თითქოს სახელი „ირაყლი“ მას ეხებოდა და არ დაუმსახურებია.
მელაპარაკებოდა პროვოკაციულად, რომ რაიმე ისეთი წამომცდენოდა, რითაც ჩემ დაკავებას გაამართლებდნენ.
ამას მე მივხვდი, მაგრამ მსგავსი ხაფანგებისთვის ბევრი არ იქნება მზად. დაიწყებენ დევნას ყველაფრის გამო. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ „პატარა კაცს” არ მოეწონებით და შემდეგში მოგიფიქრებენ რაიმე მიზეზს და დაგსჯიან იმისთვის, რომ თქვენც მისნაირი არ ხართ.
ჩემ წინააღმდეგ უკვე აამუშავეს პროპაგანდისტული მანქანა. ცდილობენ სიტყვებში გამომიჭირონ და გამაშავონ. მაგრამ ვინც ამას ჩადის, უნდა იცოდეს აქამდე რასაც ვაკეთებდი – რომ ზუსტად მსგავსი მეთოდებით ვისაც აშავებდნენ ინტერნეტის საშუალებით, სწორედ მსგავს ადამიანებს ვიცავდი. შესაბამისად, ეს მეთოდები არ იმუშავებს და მარტო იმიტომ, რომ ამას ის კაცი აკეთებს, ვინც შვილმაც უარყო.
დღესაც პოლიციელმა რამოდენიმეჯერ სცადა ჩემი მოტყუება, რომ თითქოს სასამართლო სხდომა დღეს ჩაინიშნებოდა. ამის შესახებ სამი ზარის განმავლობაში ვკითხე. ის კი მეუბნებოდა, რომ სასამართლო ჩაინიშნა. სინამდვილეში, შემდეგში როგორც ადვოკატებისგან გავიგე, სურდათ, რომ ხელი მომეწერა იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისთვის – რომელსაც არ ვეთანხმებოდი”, – წერს ნიკა რომანაძე.