დავდიოდი აქციებზე, პოზიციას გამოვხატავდი - ფარცხალაძის თქმით, „გალობის უნივერსიტეტმა“ კონტრაქტი არ გაუგრძელა

პუბლიკა

ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე ამბობს, რომ გალობის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ. ფარცხალაძე გადაწყვეტილებას მის კრიტიკულ პოზიციას უკავშირებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ფარცხალაძე წერს, რომ პოსტზე სექტემბრიდან მუშაობდა, ნოემბრის ბოლოდან კი დადიოდა აქციებზე და სოციალურ ქსელში გამოხატავდა პოზიციას ჟურნალისტებისა და მოქალაქეების ცემაზე, სამართალდამცველების უმოქმედობაზე და სხვა საკითხებზე. მისივე თქმით, მეგობარმა ურჩია აზრი არ გამოეხატა, რადგან ნანა გოთუას, გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, არ მოსწონდა. გოთუა ამავე უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ცოლია.

„უკვე მეორედ აღმოჩნდა ხელისუფლებისადმი ლოიალობა ჩემი სამსახურის დაკარგვის ფაქტორი. ტელეიმედი გახსოვთ, პოლიტიკური თემების გაშუქება ან წასვლა – ასეთი არჩევანი დამიყენეს. ამჯერად, გალობის უნივერსიტეტის ,,მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის” პოზიციიდან გამიშვეს. აქ მუშაობა სექტემბერში დავიწყე. ქვეყანაში საპროტესტო ტალღის დაწყებამდე, ჩემი მუშაობა განსაკუთრებულად მოსწონდათ. მეუბნებოდნენ, რომ უნივერსიტეტს დაეტყო პროფესიონალის ხელი. ყოველ შეხვედრაზე განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა. მე და ქ-მა ნანამ დავსახეთ შემდეგი წლის სტრატეგიული გეგმაც. ნოემბრის ბოლოდან დავდიოდი აქციებზე და ჩემს ფბ კედელზე პოზიციას გამოვხატავდი _ ჟურნალისტებისა და არამარტო მათ ცემაზე, სამართალდამცველების უმოქმედობაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩემი ეს პოზიცია, არანაირად არ შესულა უნივერსიტეტში. ადმინისტრაციის ხელმძღვანელთანვე შევათანხმე ისიც, რომ გარკვეული პერიოდი თავი შეგვეკავებინა უნივერსიტეტის სოცქსელებში პოსტებით აქტიურობისგან, რაზეც დამთანხმდა. ამ პერიოდში, მეგობარმა მირჩია, არ გამომეხატა აზრი საჯაროდ, რადგან ეს ქ-ნ ნანას არ მოსწონდა. არ დავუჯერე, უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნიე თუნდაც ერთით მეტ ადამიანს ეთქვა, რომ ის რაც ხდება, მიუღებელია. ამ პერიოდში ვიგრძენი, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამოკიდებულება ჩემს მიმართ გაცივდა. 25 დეკემბერს კი მივიღე წერილი, რომ იანვრიდან ხელშეკრულებას აღარ მიგრძელებენ. მიზეზი რომ ვიკითხე, ბიუჯეტში თანხების დეფიციტიო. გავოგნდი. შეგახსენებთ, ჩვენ სამომავლო გეგმებიც განხილული გვქონდა. გაგეფრთხილებინეთ მაინც-თქო და გაგაფრთხილეს ისე, როგორც კანონში წერიაო. ალბათ კანონი არ ითვალისწინებს წინასწარ ცნობას, მაგრამ ადამიანური ფაქტორი სადაა, ხვალიდან რომ უმუშევარს მტოვებ, მომამზადე მაინც. რა უბედურებაში ვცხოვრობთ?! ჩემამდე რატომ უნდა მოდიოდეს პარტიის ხელი. პარტიის მიმართ ლოიალობას ასე რატომ უნდა გამოხატავდეს ვინმე, თან მის უკან ხომ ამჯერად უნივერსიტეტის სახელი დგას?!“ – წერს ფარცხალაძე.

„პუბლიკა“ ცდილობდა ნანა გოთუასთან დაკავშირებას, ის ჩვენ სატელეფონო ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს. გოთუასგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.