ჩემი აღშფოთებული ვიდეოს შემდეგ ღვთისმსახურთა საშვებზე დადებითი პასუხი მივიღე - გოცირიძე

პუბლიკა

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ვიდეომიმართვა გაავრცელა, ხელისუფლებამ ავტომობილით გადაადგილებისთვის საჭირო სპეციალური საშვი ამ ეკლესიის წარმომადგენლებზეც გასცა. დღეს რუსუდან გოცირიძემ facebook-პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მისი პროტესტი წარმატებული აღმოჩნდა.

„სამართლიანობა მოითხოვს, რომ დავძინო ის ამბავი, რომ საგანგებო მდგომარეობის შტაბიდან ძალიან სასიამოვნო ახალგაზრდა ქალი დამეკონტაქტა, რომელმაც წვრილად ამიხსნა გადაადგილების საშვის პირობები და განაცხადის გაკეთების გზები. გავუგზავნე ღვთისმსახურთა სია და მონაცემები და ექვსი საათის შემდეგ იგივე თავაზიანი ახალგაზრდა დამიკავშირდა და დამიდასტურა ღვთისმსახურთა საშვებზე დადებითი პასუხი“, – წერს გოცირიძე.

საქართველოში 17 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა ქვეყნის მასშტაბით. მოგვიანებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ შეზღუდვა არ ეხებოდათ სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს.

„ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებავ, ამ ქვეყანაში არა არის მხოლოდ ერთი რელიგიური თემი და დღევანდელი დღე არა მხოლოდ ერთადერთი კონკრეტული რელიგიური თემისთვის არის მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული. თუ შეიძლება კეთილი ინებეთ და როგორც სეკულარულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ხელისუფლებას შეეფერება, ისე იმოქმედეთ“, – ამბობდა ვიდემომართვში რუსუდან გოცირიძე.