ჩემი არჩევა მოსამართლედ არის ამ ქვეყნის ყველა საჯარო მოხელის აღიარება – ლორთქიფანიძე ჰააგის მოსამართლეობაზე

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, გოჩა ლორთქიფანიძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჰააგაში მოსამართლედ არჩევის შესახებ ისაუბრა.

გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ეს არის 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა საჯარო მოხელის კოლექტიური ძალისხმევის შედეგი.

„ეს არის ინსტიტუციური აღმშენებლობის შედეგი; ეს არის ამ ქვეყნის გამოწვევების მიუხედავად (და გამოწვევები დღესაც გვაქვს კოვიდის პირობებში), მუხლჩაუხრელი ძალისხმევის შედეგი, რწმენის შედეგი, რაც იყო ყველა უწყებაში საჯარო მოხელეებში და ამიტომ ჩემი არჩევა მოსამართლედ მანდ არის ამ ქვეყნის ყველა საჯარო მოხელის აღიარება და მათი ძალისხმევის შედეგი და მათ მადლობას ვუხდი, ჩვენ ყველამ ამ შედეგს რომ მივაღწიეთ“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მედია აცხადებდა, რომ მას რამდენიმე თვეში იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება მოუწევს, მის ადგილს კი ამჟამად პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

მამუკა მდინარაძემ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გუშინ, 21 დეკემბერს უარყო.