პაატა ბურჭულაძის შვილმა შუქრი ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა.
როგორც შუქრი ბურჭულაძე ამბობს, არსებობდა მოლოდინი და ინფომრაცია იმის შესახებ, რომ გდდ-ის თანამშრომლები პროტესტში მონაწილე ხალხის მხარეს დადგებოდნენ, რასაც მთლიანობაში უნდა მოეყვანა „მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარების“ გეგმა, როგორც ამას პაატა ბურჭულაძე აანონსებდა, თუმცა ასე არ მოხდა. შუქრი ბურჭულაძე ვარაუდობს, რომ არსებობდა „ორმაგი აგენტი ან აგენტების ჯგუფი“, რომლებიც ამ ყოველივეს დაჰპირდნენ პაატა ბურჭულაძეს, მაგრამ პირობა არ შეასრულეს.
„პაატა იყო დარწმუნებული იმაში, რომ ეროვნული კრება იქნებოდა მშვიდობიანი და უნდოდა მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარება. საჯაროდაც ამბობდა პაატა რომ არიან მაღალჩინოსნები, გდდ-ის თანამშრომლები, რომლებიც ჩვენ მხარეს არიან და ამბობენ, რომ ბევრი ხალხი თუ გამოვა, ჩვენც გადმოვალთ თქვენს მხარესო, იმიტომ, რომ აღარ შეგვიძლია ოლიგარქიაში ცხოვრებაო, ასეთი მოლოდინი იყო, მაგრამ საიდან ეს ინფორმაცია, ამის საქმის კურსში ჩვენ პაატა არ გვაყენებდა.
როდესაც ვეკითხებოდით რაღაცებს, ის გვაიმედებდა, რომ ყველაფერი იქნებ კარგად და ის დარწმუნებული იყო იმაში, რომ ყველაფერი იქნებოდა მშვიდობიანად და ეს ყველაფერი, რაც მოხდა – ეს მათი გეგმა არ ყოფილა. ამას ახლა ღალატს დავარქმევთ თუ სპეცოპერაციას დავარქმევთ… ჩემი აზრით, იყო ისეთი ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჰპირდებოდნენ ამ მოქმედებას როგორიც არის გდდ-ის თანამშრომლების გადმოსვლა, რასაც მთლიანობაში უნდა მოეყვანა იდეალურად როგორც დაგეგმილი იყო ეს ყველაფერი, რასაც აანონსებდნენ, ეს არ მოხდა. ან ორმაგი აგენტი იყო ან ორმაგი აგენტების ჯგუფი, რომლებმაც დაჰპირდნენ და შემდეგ არ გააკეთეს, ჩემი ვარაუდი არის ეს“.
როგორც შუქრი ბურჭულაძე ამბობს, მისთვის საეჭვოა, როგორ მოახერხეს აქტივისტებმა შეიარაღების გარეშე ჩაბეტონებული ჯებირის მოშლა ასე მარტივად, რაც ვერ მოახერხეს ჭიშკრის შემთხვევაში.
„ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც პაატა იყო დარწმუნებული, რომ მოხდებოდა. ძალიან ბევრი უცნაური გარემოება არსებობს, მაგალითად, ის, თუ როგორ შეიძლება რომ 5-10-მა ახალგაზრდა ადამიანმა, რაც არ უნდა ძლიერები იყვნენ ისინი საპრეზიდენტო რეზიდენციის ღობე ასე მარტივად ჩამოანგრიოს, შეუძლებელია. მანქანასაც რომ მიაბა, მანქანამაც, წესით, ვერ უნდა შეძლოს ეგეთი რაღაცა, თან როცა პაატა ჩავიდა იქ უკვე დახვდა ეს ყველაფერი, წამებში, წინასწარ იყო, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გამზადებული. ჩემი აზრით აქ ბევრად უფრო ძლიერი და გამოცდილი სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულნი, ვიდრე ქართული სპეცსამსახურები.
ჭიშკარი ვერ ჩამოაგდეს, ეს არის უცნაური. ჭიშკარი წესით და რიგით უფრო მარტივი ჩამოსაგდები უნდა იყოს, ვიდრე ის ღობე, რომელიც არ მოძრაობს და ბეტონში არის ჩაბეტონებული. მერე მე მოგვიანებით ჩავედი, უკვე ეს მომხდარი იყო და იქიდან ვხედავდი რომ ჭიშკარს იქით-აქეთ აქანავებდნენ და ჭიშკარი არ ჩამოვარდა, ეს ძალიან უცნაურია“,- ამბობს შუქრი ბურჭულაძე.
პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
გუშინდელ სასამართლო პროცესზე პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბერი ასე გაიხსენა:
„სანამ ჩავედით იმ სასახლესთან, ჯებირი უკვე მოტეხილი იყო. რომ დავინახე, შეტაკება იწყება, გადავძვერი ამ ჯებირზე. ნახეთ, ვიდეოებიც იქნება. და მივედი პირდაპირ რობოკოპებთან. ვუთხარი – ბიჭებო, არ გინდათ. იქით ვაჩერებდით. მურთაზი აქეთ აჩერებდა და მე იქით ვაჩერებდი ხალხს, რომ რამე შეტაკება არ მომხდარიყო. და ამას იძახიან, რომ თურმე მე და ჩვენ მოვუწოდებდით ხალხს, რომ მიდით…. იქ ერთხელ მომასხეს სპრეი, მეორედ მომასხეს. მეორედ რომ მომასხეს, მე გავხდი ცუდად. […] გადავყლაპე და მეწვოდა ყველაფერი.
მომათავსეს საავადმყოფოში… შემოვიდა პოლიციის უფროსი თანმხლები 7 თუ 8 პირით, ორი ავტომატით, ასე პირდაპირ. კარგით რა, ბინ ლადენი ნახეთ ჩემში? კაცი ვწევარ, ხელში გადასხმას მიკეთებენ, წნევას მიზომავენ და ავტომატებით დამადგნენ… კარგით რა, ბოლოს და ბოლოს… მერე იტყვით თქვენ, რომ რატომ არ უყვარს პოლიცია ხალხს. იცით რატომ?! ცოტა ხნის წინ – არ მინდა ვთქვა, როგორი რეჟიმი იყო, რა იყო, ვინ იყო – გამოკითხვა იყო საქართველოში, პატრიარქის მერე ყველაზე მეტი ნდობა პოლიციას ჰქონდა. დღეს გამოჰკითხეთ აბა? მე გიპასუხებთ, რატომაა ასე – იმიტომ, რომ მაშინ კანონს ემსახურებოდით, ახლა კიდევ რეჟიმს. თუ ჩემში ტერორისტს ხედავთ, მზად ვარ, დავისაჯო. თუ არა და, მაინც მზად ვარ“, – თქვა პაატა ბურჭულაძემ.