ჩემი აზრით, ჯანდაცვის სამინისტროც იმუშავებს, რომ სააკაშვილი გადაიყვანონ - ექიმი

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრსა და სამინისტროს მიერ შექმნილ სამედიცინო კონსილიუმთან და სახალხო დამცველის ექსპერთა ჯგუფთან შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ომბუდსმენის კონსილიუმის წევრმა ექიმმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ იმსჯელეს, რამდენად შესაძლებელია სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება გლდანის მე-18 დაწესებულებაში.

მისი განცხადებით, სამინისტროს კონსილიუმისა და ომბუდსმენის კონსილიუმის რეკომენდაციები შეჯერებულია და ერთმანეთს ემთხვევა. გრიგოლიას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ პოზიციას გაიზიარებს სამინისტროც.

„გადაწყვეტილებას სააკაშვილის გადაყვანაზე ჯანდაცვის სამინისტრო არ იღებს, მაგრამ კარგი იყო, რომ ორთავე ჯგუფმა შეძლო, არგუმენტები მოეყვანა და დაერწმუნებინა, რომ, ჩემი აზრით, ჯანდაცვის სამინისტროც იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა“, – განაცხადა მან.

ექიმის განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძე, როგორც ექიმი, დაეთანხმა ყველა არგუმენტს.

„დაეთანხმა არგუმენტებს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე პაციენტის ყოფნა არაა მიზანშეწონილი და უმჯობესია, გადაყვანილი იქნეს პოლიპროფილურ კლინიკაში“, – განაცხადა გრიგოლიამ.