ჩემი აზრით, მათ უნდათ თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენს კვლევას - კონსტანტინე ჩახუნაშვილი გამოკითხეს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ BBC-ის ფილმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი.

BBC-ის გამოძიების მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წელს აქციების დასაშლელად წყალში ბრომბენზილის ციანიდი გაურია. BBC თავისი გამოძიების ფარგლებში ესაუბრა ექიმ კოტე ჩახუნაშვილს, რომელიც თავადაც იყო საპროტესტო აქციაზე და წყლის ჭავლიც მოხვდა. მისი თქმით, კანი რამდენიმე დღის განმავლობაში ეწვოდა, ხოლო წყლით ამ შეგრძნების მოშორება შეუძლებელი აღმოჩნდა – პირიქით, წყალი აუარესებდა მდგომარეობას.

ჩახუნაშვილმა გადაწყვიტა, მოეკვლია, სხვებსაც ჰქონდათ თუ არა მსგავსი სიმპტომები და სოციალური მედიის დახმარებით გამოკითხვა ჩაატარა. 350 ადამიანიდან, რომლებიც გამოეხმაურა, დაახლოებით ნახევარს ჰქონდა ერთი ან რამდენიმე სიმპტომი 30-ზე მეტი დღის განმავლობაში.
ექიმმა გამოკითხული პირებიდან 69 პირადადაც გასინჯა და აღმოაჩინა, რომ მათი გულის ელექტრულ სიგნალებში აღინიშნებოდა „ანომალიების მნიშვნელოვნად მაღალი გავრცელება“.

გამოკითხვის შემდეგ ჩახუნაშვილმა „ტვ პირველთან“ თქვა, რომ შეკითხვები ძირითადად ეხებოდა მის CV-ს და იმას, თუ რა თემებს ეხებოდა მისი სამეცნიერო ნაშრომები.

„დღეს რაც ტრიალებს მედიაში, ძირითადად არის ის, რომ უნდათ თქვან, თითქოს ჩვენი კვლევა უდევს საფუძვლად იმ დასკვნას, რომ გამოიყენეს კონკრეტული ნივთიერება, რაც ჩვენი კვლევის საგანი არ ყოფილა. კონკრეტული წუთი და წამი დავუსახელე, სადაც BBC კონკრეტულად ამას ამბობს, ვიდეოში არის 36-ე წუთი და მე-12 წამი, სადაც ამბობს, რომ ამ კვლევის საფუძველზე ვერ დადგინდა კონკრეტული აგენტი რაც იყო, იმიტომ რომ არ იყო ჩვენი მიზანი ეს რომ შეგვესწავლა.
ამის შემდგომ მე რამდენჯერმე მივაწოდე ინფორმაცია, რომ თუ აინტერესებთ საიდან მივიდა BBC ამ კონკრეტულ დასკვნამდე, 36 წუთიდან მაგაზეა, თუ სწორად მახსოვს, მთელი ბოლო 20-წუთიანი მონაკვეთი და შეუძლიათ გაეცნონ. მე შევუთანხმდი, რომ ბმული ისედაც საჯაროა და მაგრამ მივაწოდებდი და დეიდენტიფიცირებული მონაცემები, ანუ ციფრები რაც არის, თუ დასჭირდებათ, შემიძლია მივაწოდო…
ჩემი აზრით, მათ უნდათ თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენს კვლევას, როდესაც ეს თქვა, ამით მოახდინონ BBC-ს დისკრედიტირება და შესაბამისად ისე გამოიყვანონ, თითქოს BBC ჩვენ კვლევაზე დაფუძნებით ამბობს იმას, რასაც ამბობს, რაც რეალობას არ შეესაბამება. სავარაუდოდ, ეს არის ასევე დაშინების ეფექტის მქონდე და ჩემი აზრით, ასევე ეცდებიან, თუ ეს ყველაფერი არ გავიდა, ვიღაც დასაჯონ კიდეც სიმბოლურად, ან განტევების ვაცად. შიდა სისტემაში ვგულისხმობ, რომ ვიღაც შეიძლება გაწირონ“, – თქვა ჩახუნაშვილმა.

სუსმა BBC-ის მასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 319-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.