თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ „ამერიკის ხმა“ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირისა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარ დეივიდ კრამერისა და აშშ-დან პირების სხვა შეფასებებს აქვეყნებს.
ავტორი: „ამერიკის ხმა“
„საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს მოხდა, არამარტო იმიტომ, რომ მათ არ დაგმეს ის რაც მოხდა, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყვეს [მომხდარს]. ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდი დღე იყო და ჩემი აზრით, პრემიერ -მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ არ მგონია, რომ ამას გააკეთებს“, – აცხადებს დევიდ კრამერი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.
„ჩვენ [შეერთებულ ტატებში] უნდა მოვითხოვოთ ღარიბაშვილის გადადგომა და სანქციები იმათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, რაც დღეს საქართველოში მოხდა“, – აცხადებს ის.
მომხდარს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელიც. „დემოკრატიული მთავრობების პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს ყველა მოქალაქის მშვიდობიანი შეკრება და დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება მათი საქმიანობის შესრულებისას. სევდიანი დღეა საქართველოსთვის და მისი მხარდამჭერებისთვის“- წერს ის.
„კადრები თბილისიდან საშინელი სანახავია. ეს აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ მოახერხა თავისი ვალდებულების შესრულება, დაეცვა მისი მოქალაქეების თანასწორი უფლება შეკრების და სიტყვის თავისუფლების კუთხით.
ეს გავლენას იქონიებს ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციასა და პროგრესზე“ , – ამბობს ჯეიმს კირჩიკი, „ბრუკინგსის ინსტიტუტის“ მკვლევარი, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები 55 პირს გაუსწორდნენ, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. დარბეულია მოძრაობა „სირცხვლიას“ და „პრაიდის“ ოფისები. ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს აკეთებდნენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებიც. დაკავებულია 8 პირი ადმინისტრაციული წესით.
5 ივლისს თბილისში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, თუმცა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ძალადობრივი მეთოდებით მოახერხეს ისე, რომ „პრაიდის“ ორგანიზატორებმა მარშის გამართვაზე უარი განაცხადეს.