საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მისი აზრით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს დათქმების გრძელი სიით მიიღებს.
როგორც ის ამბობს, დათქმების სიაში იქნება სასამართლოში, პოლიციაში, საარჩევნო სისტემაში ცვლილებები, ასევე დათქმები შეეხება დეოლიგარქიზაციას, მედიის თავისუფლებას, ადამიანის უფლებების საკითხებს.
„არ ვიცი, გაუხარდება თუ არა ეს ხელისუფლებას, მაგრამ საქართველო, ჩემი აზრით, უკრაინის დამსახურებითა და გეოპოლიტიკური გარემოების გამო, კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ჩვენ მივიღებთ ამ სტატუსს დათქმების ძალიან გრძელი სიით, სადაც იქნება ყველაფერი: სასამართლოში, პროკურატურაში, პოლიციაში, საარჩევნო სისტემაში სერიოზული ცვლილებები; დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებების პრაქტიკული გარანტიები, მთელი რიგი სხვა ინსტიტუციური ცვლილებები. დათქმები უკრაინასა და მოლდოვასაც ექნებათ, ოღონდ ბევრად ნაკლები“, – წერია სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასკვნას 17 ივნისს გამოაქვეყნებს, ხოლო ევროსაბჭოს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 23-24 ივნისს გახდება ცნობილი.