საქართველოს პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და გამარჯვებულებს ორბელიანის სასახლეში შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისა და ფესტივალის ჩატარებისთვის.
„კინომ ძალიან მძიმე დღეები გაიარა, პანდემიამ დააზარალა კინო და დააზარალა მაყურებელი. არა მხოლოდ კინოინდუსტრიაში მომუშავენი – მსახიობები და რეჟისორები, არამედ მაყურებლებიც, რომლებსაც არ ჰქონდათ საშუალება კინოდარბაზიდან ეყურებინათ ფილმებისთვის და ამ კუთხით, ამ ფესტივალის ჩატარებამ ეს ნაკლი ერთგვარად შეავსო.
ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალმა შეინარჩუნა საერთაშორისო ხასიათი.
ძალიან დიდი გამოწვევაა ქართული კინოსთვის ის, რომ თბილისი მედია ხელოვნების მიმართულებით UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი გახდა და იუნესკოსგან მივიღეთ კრეატიული ქალაქის სახელი. ეს ფესტივალი ჯდება იმ სიახლეში.
ეს ერთგვარად არის იმის აღიარება, რომ ჩვენ ვიყავით და ვართ კინოს ქვეყანა, მაგრამ მუდამ უნდა ვამტკიცოთ, რომ არა მხოლოდ ვიყავით, არამედ ვართ და ვიქნებით ერთ-ერთი წარმოჩენილი კინოს ქვეყანა. ფესტივალის ჩატარებამ მოგვცა იმის განახლებული სურვილი, რომ ამ დარგში კიდევ უფრო მეტი მოხდეს და წინ წავიწიოთ.
ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ევროპას მივუახლოვდეთ და შევუერთდეთ, გვინდა, რომ როგორც ევროპაში საქართველოშიც იყოს მუნიციპალური კინო, არსებობდეს არა მხოლოდ ის კომერციალური ნაწილი, რომელიც აუცილებელია და ამ ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია, არამედ მუნიციპალიტეტმაც შეიტანოს თავისი წვლილი ამ საქმეში.
ჩემი ძალიან დიდი სურვილია, შევინარჩუნოთ ისტორიული სახე – თეატრები, რომლებიც ჩვენი კინოისტორიის ნაწილია, ანუ აპოლოს თეატრი, რუსთაველის თეატრი, კინოსახლი, ეს სამივე რაღაცნაირად აღდგეს, გაცოცხლდეს, დაუბრუნდეს კინოს, გახდეს ჩვენი ნიშა.
ჩვენს დედაქალაქში ჩამოსულ ტურისტებს, რომლებსაც გაგონილი აქვთ ქართული კინოს შესახებ, უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ აქ ადგილზე და დარბაზში ნახონ ქართული კინო.
ვისურვებდი, რომ უფრო სწრაფად წავიდეთ წინ, რომ ჩვენი კინოს ორგანიზაცია ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდეს ერთ კინო ორგანიზაციად. მინდა, რომ იყოს ერთი ცენტრი, რომელსაც უნდა მიეცეს მეტი საშუალებები; ერთი ცენტრი, სადაც ყველა იქნება; ერთი ადგილი, საიდანაც კოორდინაცია მოხდება და რომელიც იქნება წამყვანი ქართული კინოს გაცოცხლების საქმეში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.