დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურებს მოუსმინეს. კომიტეტმა წარდგენილ ორივე კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია.
კოკა კაციტაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კითხვები მის დისკრედიტაციას ემსახურება.
ხატია დეკანოიძემ კაციტაძეს ჰკითხა თუ როგორ შეძლებს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, როდესაც პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეების პროკურორი იყო.
„ჩამოგითვლით საქმეებს და თქვენ მითხარით, რომელი იყო აქედან პოლიტიკური – ფოტოგრაფების საქმე იყო პოლიტიკური?! კობა დავითაშვილის ცემის საქმე იყო პოლიტიკური? ალბათ, გემახსოვრებათ, როგორ გაიტაცეს ელიავას ბაზრობიდან ადეიშვილის დავალებით სპეცრაზმის თანამშრომლებმა და ფაქტობრივად მომაკვდავი გორის სამხედრო ჰოსპიტალში როგორ შეიყვანეს და გადამალეს,
აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმე იყო პოლიტიკური?! სადაც ადამიანებმა კრედიტი გამოიტანეს ბანკიდან და მერე მერაბიშვილისა და ადეიშვილის დავალებით დაიბარეს და ღვინის ქარხანა ჩამოართვეს.
2011 წლის მაისის აქციიდან გატაცებული ხალხი, ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში რომ შეიყვანეს, 15 ადამიანი, მაისურების გახდას აიძულებდნენ, არეცხინებდნენ იატაკს და მერე ამ ტალახიან მაისურებს აცმევდნენ. „კაპეზეში“ „მიშა მაგარიაზე“ რომ ამღერებდნენ, ეგ საქმე იყო პოლიტიკური?!
მე ამ საქმეებზე ვმუშაობდი და ღიად და გამჭვირვალედ შემიძლია დიდხანს ვისაუბრო. დამოუკიდებლობის ხარისხის შემოწმება იმით, რომ მე 2007-დან 2012 წლამდე რიგითი პროკურორი ვიყავი და რაღაც საქმეებზე თითქოს თვალს ვხუჭავდი, ასევე, დამოუკიდებლობის ხარისხის შეფასება მარტო იმიტომ, რომ მე ამ პროკურატურაში ვმუშაობ და სპიკერი ვიყავი საზოგადოებისთვის გახმაურებულ საქმეებზე, ეს არის თქვენი მცდელობა ჩემი დისკრედიტაციის, რაც არ გამოგივათ რადგან ამაში არც ლოგიკაა და არც რაიმე საფუძველი გაგაჩნიათ“, – განაცხადა კაციტაძემ.
კაციტაზე მიიჩნევს, რომ შეკითხვა ემსახურებოდა არა მისი ხედვასა და სტრატეგიის გაცნობას, არამედ მისი და თავად პროცესის დისკრედიტაციას.
კაციტაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მისი არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებს სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და თანამშრომლების პოლიტიკური გავლენებისგან დასაცავად.
1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იქმნება ორი,- სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. საკონკურსო კომისიებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე – ელენე ალავერდაშვილი, ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე; ხოლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე – კახა მაღრაძე, ლელა ჯანაშვილი, თამარ ალფაიძე შეარჩიეს. კარლო კაციტაძე და ემზარ გაგნიძე მოქმედი პროკურორები არიან.