„ჩემი ფეხით არ მომიყვანო პარლამენტში, აგიღებ და გამოგიტან  გარეთ“ - მელია ელისაშვილს

პუბლიკა

„ეხლა ჩემი ფეხით არ მომიყვანო, ალეკო, მანდ პარლამენტში. ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან. აი ეხლა აგიღებ და გამოგიტან  გარეთ, ახლა მართლა არ მომიყვანო! რა შენი ხელფასიდან გადამიხდი იმას, რა ჰქვია, რაო?“, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ალეკო ელისაშვილის განცხადებას.

ჟურნალისტებმა ნიკა მელიას გააცნეს ალეკო ელისაშვილის წინადადება, რომ ის მზადაა, ნიკა მელიას გირაოსთვის საკუთარი ხელფასი გადარიცხოს.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა მას „ნაციონალური მოძრაობა“ „გულზე არ ეხატება“, მაგრამ ადამიანურად, იგი მზადაა ნიკა მელიას დაეხმაროს, და მიიჩნევს, რომ მას აბსურდული ბრალი აქვს წარდგენილი, ხოლო სისტემა, რომელიც ამას აკეთებს თავად „ნაციონალური მოძრაობის” შექმნილია.


საპროცედურო საკითხთა და იურიდიულმა კომიტეტებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ამირან გულუაშვილის მოხსენება, დაუსვეს მას შეკითხვები, იმსჯელეს და საკითხის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღეს.

საკითხს ლევან იოსელიანმა მხარი არ დაუჭირა.

მალე დაიწყება პლენარული სხდომა, სადაც ნიკა მელიას საკითხს საბოლოოდ უყრიან კენჭს.


 

ნიკა მელიას საქმე:

12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით – პატიმრობისთვის სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის თაობაზე პარლამენტს მიმართა.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. მას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო და ასევე დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.

ნიკა მელიამ პირველ ჯერზე გირაოს თანხა შეიტანა. თუმცა, 1 ნოემბერს, აქციაზე პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. იმის გამო, რომ მან ამით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით მიმართა.

სასამართლომ გირაო გაამკაცრა და ის 40 000 ლარით, 70 000 ლარამდე გაიზარდა. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 დღე. სწორედ ამ გირაოს გადახდაზე განაცხადა უარი ნიკა მელიამ.

შესაბამისად, ბრალდების მხარემ 12 თებერვალს აღნიშნა, რომ კანონმდებლობით მას აქვს ვალდებულება, რომ ამ ჯერზე სასამართლოს კიდევ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. ამისთვის კი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაა საჭირო. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, უმრავლესობა მხარს დაუჭერს მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას.