ჩემი ფუნქციაა, კულტურის სამინისტროს სსიპებში მაქსიმალურად სუფევდეს ჰარმონია | წულუკიანი

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედის“ დილის ეთერში თეა წულუკიანს კიდევ ერთხელ ჰკითხეს, თუ რა იგულისხმა, როცა განაცხადა, რომ შეეცდება, გაიგოს, მაგალითად, საიდან მოდის მსახიობის განსხვავებული აზრი და უშლის თუ არა ეს აზრი ორგანიზაციის ფუნქციონირებას ხელს.

როგორც წულუკიანმა უპასუხა, მან თქვა ის, რაც თქვა და მისი ნათქვამი მხოლოდ „რიგი ტელევიზიებისთვის“ არ იყო ცხადი. მისი თქმით, ის შეეცდება, რომ ორგანიზაციაში არავის მისცეს არავის ჭამის საშუალება, განსხვავებული აზრის სახელით.

„მე ვიგულისხმე ის, რაც ვიგულისხმე. მათ შორის, მსახიობებისთვის ეს იყო სავსებით ნათელი. მაგრამ თქვენი მეგობარი და, მათ შორის, ძალიან მეგობარი არხებისთვის, რომლებსაც არ უნდათ, გაიგონ, მე რას ვამბობ, მხოლოდ მათ გაუჩნდათ ვითომ შიშები.

მე ერთი მინდა ვთქვა, რომ, რადგან ზოგმა თავი მოიკატუნა და თქვა, ვერ გავიგეო, განვმარტავ – მე ვგულისხმობ, რომ  შევეცდები, არავის არავის ჭამის საშუალება არ მივცე ერთ ორგანიზაციაში იმის სახელით, რომ განსხვავებული აზრი არსებობს. ჩემი ფუნქცია არის ის, რომ ამა თუ იმ სსიპში, კულტურის სამინისტროს ორგანიზაციებში მაქსიმალურად სუფევდეს ჰარმონია და ადამიანები ქმნიდნენ იმ დიდ რამეს, რასაც ქართული კულტურა ჰქვია.“  – განაცხადა თეა წულუკიანმა.