საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თქმით, ეუთოს შეფასებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. ხოლო მისი გადასაწყვეტი არაა, იქნება თუ არა ახალი არჩევნები საქართველოში.
ეს კომენტარი ბორელმა „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, მიიჩნევს თუ არა ის ქართული ოპოზიციის მსგავსად, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ეფექტიანი გზა.
„ჩემი გადასაწყვეტი არ არის, დაინიშნება თუ არა ახალი არჩევნები საქართველოში. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ეუთოს შეფასებით ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მანამდე ბორელმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და მოუწოდა ყველა მხარეს, რომ გამონახონ კომპრომისის გზა.
„მე ვუთხარი პრემიერ-მინისტრს, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რათა პოლიტიკურ სპექტრში შეთანხმება მოხდეს. ასევე, პარლამენტის ბოიკოტი ვერ დაეხმარება დემოკრატიის ფუნქციონირებას და პოლიტიკურ პლურალიზმს. საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტით ვერ დამკვიდრდება პოლიტიკური პლურალიზმი.
ჩვენ ყველა პოლიტიკურ აქტორს ვთხოვთ, რომ პირველ რიგში დააყენონ ქართველი ხალხის ინტერესი და მოახერხონ კომპრომისი“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.