ჩემი გამოსვლის მერე, წინ წამოვიდა ემიგრაციის თემა და არა მიზეზები - „საბას" გამარჯვებული

პუბლიკა

ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაში პრემია „საბას“ გამარჯვებული თემო რეხვიაშვილი განმარტავს სამადლობელო გამოსვლისას მის მიერვე წამოჭრილ საკითხებს.

სიტყვით გამოსვლისას მან ჯილდო მიუძღვნა ემიგრანტ დედას და სხვა ემიგრანტ დედებს, მადლობა გადაუხადა უმუშევლად დარჩენილ მამას და სხვა მამებს, რომლებიც „ამ ქვეყანაში, სადაც პატიოსანი შრომით არსებობა შეუძლებელია, თავს ვერ იმკვიდრებენ” და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში თავადაც დატოვებს ქვეყანას.

„კურიერის ამბების“ ავტორის თქმით, სოციალურ ქსელში მის განცხადების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც რეხვიაშვილმა გადაცემაში აღნიშნა, მისი განხადების შემდეგ წინა პლანზე წამოვიდა ემიგრაციის თემა და არა ის მიზეზები, რაზეც ისაუბრა.

„ემიგრაციის თემასთან დაკავშირებით კარგად მინდა განვმარტო, რომ იქ არ მივდივარ დროის სატარებლად, მივდივარ მუშად სამუშაოდ, ერთ-ერთ სწრაფი კვების ობიექტში. ისე მოხდა, რომ ჩემი სიტყვით გამოსვლის მერე უფრო წინა პლანზე წამოვიდა ემიგრაციის თემა და არა ის მიზეზები, რაზეც ვისაუბრე.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გააშეარეს კიდეც facebook-ზე. ამაზეც გამეცინა, იმიტომ, რომ რეალურად ოპოზიციის დღის წესრიგშიც არ არის ამაზე ლაპარაკი… მესამე ძალაზე რომ საუბრობენ, ჩემთვის ჯერ მეორეც არ არის მოსული, ეს ერთი ძალაა, ორ ნაწილად გაყოფილი. ის საკითხები, რაც რეალურად ადამიანებს აწუხებთ, ამაზე არ ლაპარაკობენ ოპოზიციის წევრები, ძალაუფლებას იყოფენ, ამიტომ ჩემთვის ტოლობის ნიშანი აქვს ოპოზიციასა და მთავრობას. მე მეორე ძალას ველოდები, არათუ მესამე ძალას.

ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტებისგან ძალიან ბევრ ზარს ვიღებ, ძალიან უნდათ, რომ ეს ემიგრაციის თემა… არ არის ეს ტრაგედია, ჩავალ, სახლის წინასწარი შესატანის ფული უნდა მოვაგროვო, რომ ბანკმა სესხი დამიმტკიცოს. რომ მერე აქაური ხელფასით… ამაზეა ახლა საუბარი და არა იმაზე, რომ სამოთხეში მივდივარ. მომერიდებოდა ამაზე საუბარი, ეს მარტო ჩემი პრობლემა რომ იყოს…

… ძალიან კონკრეტული მიზნით მივდივარ, აქ უნდა ვიყიდო სახლი, არ მაქვს. მოვაგროვებ ფულს და ისევ დავბრუნდები”, – განაცხადა მან გადაცემაში „მე-17 სართული”.