ჩემი განზრახვა ვინმეს შეურაცხყოფა ნამდვილად არ ყოფილა - ENKA-ს გენერალური მენეჯერი ინციდენტზე

პუბლიკა

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ მიუხედავად ჩემი და ჩემი თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებული დევნისა თუ შევიწროვებისა, ჩემი განზრახვა ვინმეს შეურაცხყოფა ან უპატივცემულობის გამოხატვა ნამდვილად არ ყოფილა“, – ასე ეხმაურება ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია „ENKA რინიუებლზის“ გენერალური მენეჯერი ზეკი ქოჯაოღლუ 23 თებერვალს, სოფელ ნამოხვანში მომხდარ ინციდენტს.

როგორც ზეკი ქოჯაოღლუ Facebook-ით გავრცელებულ განცხადებაში ირწმუნება, ბოლო თვეების განმავლობაში, ადგილობრივი თანამშრომლები ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან და მათივე მხრიდან მუდმივად ისმის შეურაცხყოფისა და მუქარის სიტყვები.

„მე, როგორც დამსაქმებელი, პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ჩვენი კოლეგებისა და პროექტის მომხრეების უსაფრთხოებაზე, ამიტომ ვცდილობ, რომ ისინი დავიცვა პოტენციური ზიანისგან. სწორედ ამ მიზნით ჩამოვედი ნამოხვანში. ვიზიტის დროს, პირადად მე წავაწყდი ძალიან უსიამოვნო ინციდენტს- ჰესის მოწინააღმდეგეებმა გადაგვიკეტეს ENKA-ს ბანაკის გზა, იყო შეურაცხმყოფელი შეძახილები ჩემს ეროვნებასა და გარეგნობაზე. სამწუხაროდ, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი, ჩემი თანამშრომლებისა თუ პროექტის მხარდამჭერების მისამართით, ისმის შეურაცხმყოფელი და ქსენოფობიური განცხადებები“, – აღნიშნავს ENKA-ს გენერალური მენეჯერი.

განცხადების ბოლოს, ზეკი ქოჯაოღლუ ხაზს უსვამს, რომ ის ყოველთვის მზადაა დაინტერესებულ პირებს შეხვდეს, გაესაუბროს და გასცეს მათ კითხვებს პასუხი.