ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლაზე საუბრობენ. სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ დილის 9:00 საათისთვის საქართველოში გახსნილი 988 უბნიდან 36 საარჩევნო უბანზე გახსნის პროცესზე დამკვირვებლებს ხელი შეეშალათ. ამასთან, მათი თქმით, 69 უბანზე კენჭისყრა დაიწყო დაგვიანებით, 13 უბანზე დაიწერა საჩივრები, ხოლო 17 უბანზე გაკეთდა შენიშვნა უბნის ჩანაწერთა წიგნში.
„67-ე ოლქის მე-8 და მე-15 უბნები, 39-ე ოლქის 1-ლი საარჩევნო უბანი გაიხსნა 15 წუთის დაგვიანებით დასათვლელი აპარატის/რეგისტრატორის გაუმართაობის გამო. პრობლემა საოლქო კომისიამ გამოასწორა.
35-ე ოლქის 1-ლ და 35-ე საარჩევნო უბნები გაიხსნა ვადაზე 15 წუთით ადრე.
უკიდურესად საყურადღებოა, რომ დაფიქსირდა უბნებზე ამომრჩევლებისთვის ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემისა და ხმის მიცემის 25-მდე შემთხვევა ((1-ელ, მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-7 ოლქებში), კახეთსა (მე-12, და მე-14, მე-17 და მე-20 ოლქებში) და ბათუმში (79-ე ოლქი).
ასევე დაფიქსირდა დაფიქსირდა ორი ბიულეტენით ხმის მიცემის მცდელობა – 35-ე, 38-ე და 37-ე საარჩევნო ოლქებში. ცხადია, ეს გაყალბების მაღალ რისკებს ქმნის. მსგავსი შემთხვევები გამოიწვევს შემაჯამებელ ოქმებში ბალანსის დადგენის პრობლემას.
შესაძლებელია, აღნიშნული, ასევე, მიზნად ისახავდეს საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საფუძვლის ხელოვნურად შექმნას ან სხვა ტიპის მანიპულაციას”, – აღნიშნავენ მისიაში.
მათივე ინფორმაციით, გარკვეულ საარჩევნო უბნებზე ვერიფიკაციის აპარატების განლაგების გამო დამკვირვებლებს არ ეძლევათ რეგისტრატორის საქმიანობის დაკვირვების შესაძლებლობა. ასევე, ინფრასტრუქტურის/ტექნიკის არახელსაყრელი განლაგების გამო დამკვირვებლებს არ ჰქონდათ ვერიფიკაციის აპარატის დაკვირვების შესაძლებლობა.
„ასეთი დარღვევები დაფიქსირდა მე-13 ოლქის 25-ე უბანზე, მე-12 ოლქის მე-4 უბანზე, 21-ე ოლქის 52-ე უბანზე, მე-20 ოლქის 54 უბანზე, მე-7 ოლქის მე-13 და მე-14 უბნებზე, მე-5 ოლქის 46-ე უბანზე, 64-ე ოლქის პირველ და 32-ე უბნებზე”.
ამის პარალელურად, მისიაში აღნიშნავენ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ფიქსირდება ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები – მათი ინფორმაციით, ვერიფიკაციის აპარატები ვერ არეგისტრირებენ ამომრჩეველთა პირადობის მოწმობებს და რეგისტრატორებს ხელით უწევთ მონაცემების აპარატებში შეყვანა.
„შექმნილი ვითარება, დამკვირვებლებს არ აძლევს საშუალებას დარწმუნდნენ მართებულად ხდება თუ არა უბანზე გამოცხადებული პირის იდენტიფიცირება. იმ ფონზე, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ, მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით საყურადღებოა.
ათენის 2 საარჩევნო უბანზე კოალიციის დამკვირვებლებს დაკვირვების საშუალება არ მისცეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.