არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა” 15:00-დან 17:00 საათამდე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ორგანიზაციების დამკვირვებლების ინფორმაციით:
ძირითადი დასკვნები
არჩევნები მთელ რიგ საარჩევნო ოლქებში ძალადობრივი ზეწოლის ფონზე მიმდინარეობს. კოალიციამ “ჩემი ხმა” დამკვირვებლების მიმართ გახშირებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებისა და მათი ფიზიკური უსაფრთხოების რეალური რისკების გამო მიიღო გადაწყვეტილება მარნეულის ცალკეული საარჩევნო უბნიდან დამკვირვებლების ევაკუაციის თაობაზე.
ამ დრომდე მარნეულში არჩევნები ძალადობრივი ზეწოლის გარემოში მიმდინარეობს. როგორც უბნების შიგნით, ასევე, უბნების გარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ჩვენს დამკვირვებლებს ემუქრებიან და გადაადგილებას უზღუდავენ. ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა თბილისის საარჩევნო ოლქებშიც. თბილისის მეხუთე ოლქის პირველ უბანზე ჩვენ დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მარნეულსა და გარდაბანში ფიქსირდება საკუთარი პასპორტით, მაგრამ სხვისი პირადი ნომრით ხმის მიცემის ფაქტები, რაც კომისიის წევრების ჩართულობით ხორციელდება და სავარაუდოდ, არჩევნების წინ პირადობის მოწმობების მასიურად ჩამორთმევის ფაქტებს ადასტურებს, მის მიზნებს ხსნის და არჩევნების გაყალბების დანაშაულებრივ სქემას წარმოადგენს.
მარნეულში კვლავ ფიქსირდება მარკირების განუხორციელებლობის ბევრი ფაქტი და ხმის არაერთგზის მიცემის შემთხვევა.
საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, განსაკუთრებით ევროპასა და აშშ-ში, ამომრჩევლები მრავალსაათიან რიგებში დგანან. პრობლემას ქმნის აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე არასაკმარისი რეგისტრატორების რაოდენობა, რაც ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის გათვალისწინებით, ვერ უზრუნველყოფს არჩევნებში მათ დროულ მონაწილეობას. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც საკონსულო აღრიცხვასა და ცესკოს საარჩევნო სიაში მყოფი პირები არ აღმოჩნდნენ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნის სიებში.
18:00 საათისთვის ინფორმაცია მიღებული გვქონდა 1222 უბნიდან. “ჩემი ხმას” დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით 15:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში:
- მარკირება არ მოწმდებოდა სათანადო წესით – 50 უბანზე;
- მარკირების გაკეთების წესი დაირღვა/მარკირების გარეშე ხმა მიეცა – 32 უბანზე;
- ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა – 22 უბანზე;
- არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ – 98 უბანზე;
- ფიზიკური დაპირისპირების/მუქარის/ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა 31 უბანზე;
- ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიით მიმდინარეობს, ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ხარვეზები გამოვლინდა 62 უბანზე. ასევე, 62 საარჩევნო უბანზე ელექტრონული პროცედურები ნათელი და გასაგები არ იყო ამომრჩევლისთვის, რის გამოც კენჭისყრის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა;
- ,,ჩემი ხმას” დამკვირვებლებს დაკვირვების უფლება შეეზღუდათ 32 უბანზე.
ამ დროისათვის, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, დაწერილია 211 საჩივარი საუბნო კომისიებში, 43 – საოლქო კომისიებში და 154 შენიშვნა დაფიქსირებულია ჩანაწერთა წიგნში.
მნიშვნელოვანი ინციდენტები
- ფიზიკური ძალადობა/მუქარა/ზეწოლა:
- თბილისის მეხუთე ოლქის პირველ უბანზე ჩვენ დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი დაფიქსირებულია 112-ში.
- მარნეულის მე-4 უბანზე „საიას“ დამკვირვებელს შეუზღუდეს დაკვირვების შესაძლებლობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო მარნეულის მე-16 უბანზე არაუფლებამოსილი პირი იმყოფებოდა უბანზე, რომელიც აგრესიული იყო ჩვენი კოალიციის დამკვირვებლის მიმართ.
- ზუგდიდში, 67-ე ოლქის 30-ე უბანზე მოხდა ფიზიკური დაპირსპირება.
- დამკვირვებლის/წარმომადგენლის/მედიის უფლებების უკანონო შეზღუდვა:
- საგარეჯოს 35-ე უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირების შესაძლებლობას. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ქობულეთის 49-ე უბანზეც.
- დამკვირვებლები გაგვიძევეს მარნეულის 49-ე უბნიდან. დამკვირვებელმა არაერთი დარღვევა დააფიქსირა, მათ შორის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციაში მოთავსებული სხვა პირადი ნომრები. ასევე, უბანზე დააფიქსირა ერთი და იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის („პოლიტიკისა და სამართლის ობზერვერი“) ერთზე მეტი წარმომადგენელი, რომლებიც კომისიის საქმიანობაში ერევიან და ახორციელებენ პროცესზე ზეგავლენას.
- მარნეულის 50-ე უბნიდან გამოაძევეს ჩვენი დამკვირვებელი, რომელიც აპროტესტებდა აგიტატორის ქმედებას. აგიტატორი სოფლის მოსახლეობის შემოყვანას აორგანიზებდა უბანზე და კარნახობდა, თუ რა არჩევანი უნდა გაეკეთებინათ.
- არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა:
- გარდაბნის მე-3 საარჩევნო უბანზე სავარაუდოდ სხვისი პირადობის მოწმობით ხმის მიცემის ფაქტი დაფიქსირდა. დამკვირვებლის შენიშვნაზე კომისიამ არ მოახდინა რეაგირება და არ მოგვეცა პირადობის მოწმობის გადამოწმების შესაძლებლობა.
- მარნეულის მე-5 უბანზე ამომრჩეველმა სხვისი პირადობის მოწმობით მისცა ხმა.
- ამომრჩევლისთვის ხმის უფლების უკანონო შეზღუდვა:
- ბათუმში, 79-ე ოლქის 71-ე უბანზე 7 პირს არ მისცეს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, იმ მოტივით, რომ 8 ოქტომბრის შემდეგ ჰქონდათ აღებული პირადობის მოწმობები. განუმარტეს, რომ ამ თარიღის შემდგომ აღებული პირადობის მოწმობები არ იყო ვალიდური.
- ბიულეტენების ჩაყრა/გაყალბება:
- მარნეულში, მე-14 უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს გაატანა ბიულეტენი, რომელზეც 41 ნომერი იყო შემოხაზული.
- გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემები:
- მთელი საქართველოს მასშტაბით იკვეთება პრობლემები გადასატან ყუთთან დაკავშირებით. კერძოდ, გადასატანი ყუთი მოდის დაზიანებით, დაულუქავი, რიგ შემთხვევებში იმაზე ნაკლები ბიულეტენებით ვიდრე უნდა მოსულიყო. აღნიშნული ტენდენციაა ყველა რეგიონში.
- კერძოდ, თბილისის მე-3 ოლქის მე-6 უბნის გადასატანი ყუთის ბიულეტენები დაიკარგა. ასევე, თბილისის მე-3 ოლქის 81-ე, 81-ე უბანზე გადასატანი ყუთი არის დაზიანებული, ხოლო მერიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საუბნო კომისია ვერ ახერხებს ბიულეტენების დროულ რეგისტრირებას.
რეკომენდაციები
- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, პირველ რიგში, უნდა მოიძიოს და მყისიერად გამოავლინოს სუს-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, ასევე საჯაროდ დაასახელოს მათთან დაკავშირებული პირები.
- პარტიებმა, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, უნდა მოახდინონ მათი წარმომადგენლების მობილიზება, რათა დაჯგუფებები უბნებზე აღარ იმყოფებოდნენ.
- უნდა გაითვალისწინონ დამკვირვებლების მოსაზრებები, რათა მათ თავისუფლად გააგრძელონ საქმიანობა არჩევნების პროცესში.
- საარჩევნო კომისიამ უნდა მოახდინოს გარკვეული რეკომენდაციების განხორციელება, რათა მაქსიმალურად მოხდეს არჩევნების გაყალბების რისკების შემცირება.