„ჩემი ხმა": ხელისუფლება ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას უკანონო მეთოდებით ცდილობს

პუბლიკა

სადამკვირვებლო მისია, „ჩემი ხმა“ ეხმაურება გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ცდილობს ამომრჩევლების დაშინებასა და ზეწოლას – კერძოდ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ბოლო რამდენიმე დღეა საუბრობენ იმაზე, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს პირადობის დოკუმენტებს ნების საწინააღმდეგოდ ართმევენ.

„რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებელი წყაროს ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ნების საწინააღმდეგოდ ართმევენ. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ქმედებას, სავარაუდოდ, აქვს მასშტაბური ხასიათი და, არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული ერთეულით ან/და საჯარო სტრუქტურით.

გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, ყვარელში, ქუთაისსა და თბილისში. ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მეთოდების გამოყენება შეიძლება ემსახურებოდეს როგორც ამომრჩევლებში შიშის დანერგვის მცდელობას, რომ არჩევნების დღეს მათი ხმის ფარულობა არ იქნება დაცული, ასევე, არჩევნების დღეს კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მოხდენას.

კონსტიტუციით გარანტირებულია პირის უფლება, თავისუფალ და თანასწორ გარემოში, არჩევანი გააკეთოს მხოლოდ საკუთარი შეხედულებით. კონსტიტუციით, ამომრჩევლის ხმის ფარულობა გარანტირებულია”, – ნათქვამია განცხადებაში.

სადამკვირვებლო მისიაში აღნიშნავენ, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევა წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას. ამასთან, მიუთითებენ, რომ სისხლის სამართლის წესით ისჯება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა.

სადამკვირვებლო კოალიცია, „ჩემი ხმა” მოუწოდებს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს ამომრჩეველთა კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.


გუშინ 10 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ქუთაისში „ქართული ოცნება“ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის „განეიტრალებას“ ცდილობს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ინფორმაციით, რამაზ შენგელიას სახელობის „ტორპედოს“ სტადიონის ადმინისტრაციულ შენობაში, „ქართული ოცნების“ ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გია ბასილაძე და საკრებულოს წევრი გია მახარაძე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს შეხვდნენ და სწორედ ამ შეხვედრაზე იყო საუბარი სხვადასხვა მეთოდით ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის „განეიტრალებაზე“.

ამასთან, როგორც 9 ოქტომბერს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ სამეგრელოში მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევს.